მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ რეალური ეკონომიკური ზრდა გვინდა, ბანკების სარეზერვო მოთხოვნები უნდა განულდეს“ - პაპაშვილი

62c821c5aef38
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.22 16:49
1086
ბიზნესმენი, კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ სებ-ის მიერ ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდა დაუშვებელია. ამის შესახებ მან სებ-ისა და ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

ლაშა პაპაშვილი თვლის, რომ დღეს ქვეყანაში ეკონომიკის რეალური ზრდა არ არის, თუმცა ყველანაირი შესაძლებლობაა იმის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. სებ-ის მიერ აღნიშნული მექანიზმის გამოყენება კი დაკრედიტებას შეამცირებს და ეკონომიკის ზრდასაც ხელს შეუშლის.

„ახლა საუბარია იმაზე, როგორ შეაჩერონ ეკონომიკის ზრდა... ეკონომიკა ავტომატურად შეჩერდება. პირიქით, ამ ქვეყანაში ყველა წინაპირობაა იმის, რომ გაიზარდოს, განსაკუთრებით არასამომხმარებლო სესხები, რომელიც 200 000-მდე ლარშია. ლარის სესხი გაუგონარ საპროცენტო განაკვეთამდე - 18%-მდეა მისული. დოლარის დაკრედიტებას ამცირებენ კორპორატიული კლიენტებისთვის და სხვადასხვა უამრავი ბერკეტია ასეთი.

ჩვენ იმის პრევენციას ვაკეთებთ, რომ ეს არ გააკეთონ, თორე არც შეგვეკითხებიან და ერთ დილას ეს გაკეთებული დაგვხვდება.

მინიმალური სავალდებულო რეზერვების, რაც ოდესღაც 30-დან 25%-მდე დავწიეთ, უკან დაბრუნებაზე საუბრობენ. თუ გვინდა რეალური ეკონომიკური ზრდა, მე ვითხოვ განულებას. რა თქმა უნდა დღეს ეკონომიკური ზრდა რეალური არ არის“, - განაცხადა პაპაშვილმა.

ბიზნესმენი თვლის, რომ დღეს არსებული ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი გადმორიცხვების, ტურიზმის მაღალი მაჩვენებლის და გააქტიურებული გადაზიდვების შედეგია, თუმცა ამბობს, რომ არც ტურიზმისთვის და არც ლოგისტიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს. პაპაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა გაიზრდება, ბიზნესი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს სესხის გაძვირების გამო, კრედიტს დოლარში აღარ აიღებს და პროექტებს აღარ განახორციელებს. ეს კი ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

„ქვეყნიდან გასული ქალბატონების მიერ გადმორიცხული გზავნილების მაჩვენებელი მეათე წელია ფანტასტიურ რიცხვებს აღწევს. ტურიზმშიც კარგი მაჩვენებლებია და ხედავთ, რომ ამ მხრივ ინფრასტრუქტურა არ არის ქვეყანაში. ყველაზე ძნელად დასაკრედიტებელი დარგია და ყველაზე გრძელ ფულს მოითხოვს, რომ კარგი სასტუმროები გვქონდეს. იცით, რომ აბასთუმანს ვაკეთებ და რამდენად რთულია იქ სესხის აღება... 10-12% თუ მომცემენ ესენი, რა თქმა უნდა, ვერ ვისესხებ და გავაჩერებ პროექტებს. ამაზეა საუბარი, რომ ამის საშუალება მისცენ ადამიანებს. ყველას ეგონა, რომ ლოგისტიკაში კოლაფსი მოხდებოდა, მაგრამ გაათმაგებულია მოთხოვნა. და ხომ უნდა დახვდნენ სატრანსპორტო კომპანიები მზად, სესხს თუ არ ავიღებ, როგორ დავხვდებით და იქნება ჩანჩალი.

ეროვნულ ბანკს თითქოს ეკონომიკის გადახურების ეშინია და ამ მდგომარეობას 2007 წელს ადარებს, რასაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა. ახლანდელი მდგომარეობა საერთოდ არ ჰგავს 2007 წლის მდგომარეობას. უამრავი პარამეტრი არსებობს ამის. ახლა განუზომლად დიდი შანსია იმის, რომ ქვეყანა 100 ნაბიჯით წინ წავიდეს. ხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა 12.5%-მდე გვაქვს. სებ-მა ამ ზრდას ხელი სესხებით უნდა შეუწყოს - ეს არის ჩვენი არგუმენტი. სარეზერვო მოთხოვნების შემცირება ეკონომიკისთვის დამატებით ფულს ნიშნავს. სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით რომ შემცირდეს ეკონომიკაში 1 მლრდ უნდა გამოთავისუფლდეს.

თუ გამკაცრდება ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ და სებ-ი ინფლაციას ვეღარ დაიჭერს. ყველაფერს იჭერს და ასწორებს ეკონომიკური ზრდა“, - განმარტა ლაშა პაპაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში მოქმედი ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა განაცხადა.

ამჟამად, მაქსიმალური სარეზერვო განაკვეთი 25%-ია. შალვა მხატრიშვილის თქმით, სებ-ი ამ მაჩვენებლის 30-40%-მდე გაზრდას განიხილავს.

როგორც ცნობილია, კომერციული ბანკებისთვის 2021 წლიდან სავალუტო სახსრების დარეზერვების ახალი წესი ამოქმედდა. კერძოდ, სარეზერვო მოთხოვნა 10%-დან 25%-მდეა და თითოეული ბანკისთვის ის ამ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციაზეა დამოკიდებული.

შალვა მხატრიშვილის განცხადებით, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდა ქვეყანაში სავალუტო კრედიტების ზრდის ტემპის შემცირების მიზანს ემსახურება.