საქართველოს ბიზნესასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ლაშა პაპაშვილი BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში საგამონაკლისო ბრძანების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავდა, თუმცა ამავდროულად, პაპაშვილი აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა მასთან საუბარში განაცხადეს, რომ ეს ბრძანება მათ საქმიანობაში არაფერს ცვლის.
- არ ვიცი როგორ დამთავრდა ეს საკითხი... ეროვნული ბანკის ბრძანება რაც იყო, შეიცვალა რამე თუ არა. მე არ ვიცი, როგორ განვითარდა ეს მოვლენები, ამაზე მიტინგებიც იყო. ამ ბრძანებას როგორც თქვენ აღიქვამთ, ბანკები ისე არ აღიქვამენ. სანქციაში მოხვედრაზე ამას ხელს არ უშლის. მე ასე მითხრეს, ყოველ შემთხვევაში. ჩემი კითხვა იყო <ბანკების მისამართით> - გეშლებათ თუ არა ხელი ამ ბრძანებით და თქვეს, რომ - არა. მე ვფიქრობ, მაინც გაუყინავენ... ასე თქვეს ბანკებმა. არ ვიცი რომელი ბრძანებაა ზემდგომი, მაგრამ როგორც თქვეს, არ აქვთ პრობლემა…
- თავად ბრძანების საჭიროებას ხედავდით?
არა, მე ვერ ვხედავდი, ვერ გეტყვით, რატომ მიიღეს...
ამასთან ე.წ. საგამონაკლისო ბრძანებაზე ბიზნესმენმა ისიც აღნიშნა, რომ კარგია, როცა სახელმწიფო იცავს საკუთარ მოქალაქეს - "შენ უნდა გინდოდეს და გიხაროდეს, როდესაც შენს ქვეყანას შეუძლია, შენი მოქალაქე ნებისმიერი საშუალებით და ხერხით დაიცვას".
რაც შეეხება ეროვნული ბანკიდან სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლას, მისი შეფასებით, ეს რეპუტაციული ზიანის მომტანი არ იყო და ზოგიერთს ეს პოსტი უფრო ადრეც უნდა დაეტოვებინა. ლაშა პაპაშვილი, რომელიც ამჟამად ციფრული ბანკის ლიცენზიის მიღებას ელოდება, მიიჩნევს, რომ სებ-ის საბჭოს კონკრეტული წევრები ქვეყნის ფინანსური სისტემის განვითარებას აფერხებდნენ.
“ვიცე-პრეზიდენტების წასვლა არ არის პრობლემა. ვერ წამოგყვები მაგ თემაში [რომ ეს რეპუტაციული ზიანია] შეიძლება ზოგი ვიცე-პრეზიდენტი უფრო ადრეც უნდა წასულიყო. ხელს უშლიდა განვითარებას ამ ქვეყნის, როგორც ადრეც ვამბობდი.
ზოგადად სკამების დატოვება უჭირთ და როდესაც რაღაცას ვერ აკეთბ უნდა გაიწიო და დაუთმო სხვას, შეიძლება შენზე კარგები მოდიან.
ინსტიტუტისთვის ეს პრობლემა არაა, როცა ვერ ქაჩავ უნდა წახვიდე. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამჯერ შეიცვალა, მერე რა მოხდა? - ინსტიტუცია წაიღო?
მე წავიკითხე, რომ ეს მიზეზი იყო, თორემ მესტვირიშვილს ისედაც 2 თვე ჰქონდა დარჩენილი და სად მიდიოდა? ვიღაცას უნდოდა რომ ეთამაშა გადავდექი და შევეწირე და ეს არის ცუდი თამაში, რაც მე არ მიყვარს. პოპულიზმი მაგათ დაიტოვონ თავის სახლებში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება გონივრულობა,”- აცხადებს ლაშა პაპაშვილი.
27 სექტემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები ეოვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განხილულ საკითხებს შორის იყო გარკვეული რეგულაციების შემსუბუქების ინიციატივაც, რასთან დაკავშირებითაც ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ “ფურცელომანიის” შემცირება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი იქნება.