მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტს არ სჭირდება 365-დღიანი უვიზო რეჟიმი, ის შემოდის მაქსიმუმ 1 თვით“ - ბადრი ჯაფარიძე რუსეთიდან ვიზიტორთა ნაკადზე

62ee1cc8928ec
თამთა ჯიჯავაძე
06.08.22 16:10
2772
„ტურისტს არ სჭირდება 365-დღიანი უვიზო რეჟიმი. ტურისტი შემოდის მაქსიმუმ ერთი თვით“, - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს, რათა ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნიდან მომდინარე რისკები შემცირდეს. ცნობისთვის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.

„როდესაც ოკუპანტი ქვეყნიდან შემოდიან ადამიანები და შენ ამ დროს გინდოდეს, რომ დააწესო მათთვის სავიზო რეჟიმი, არა იმდაგვარი, რომელიც ტურისტების ნაკადს შეამცირებს, არამედ მოგვცემს საშუალებას რომ რისკები შევამციროთ, ბუნებრივია და ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს.

ტურისტს არ სჭირდება 365-დღიანი უვიზო რეჟიმი. ტურისტი შემოდის მაქსიმუმ ერთი თვით. შესაძლოა წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მიეცეს მას ქვეყანაში შემოსვლის უფლება, თუმცა მისი ერთი შემოსვლა შეზღუდული იყოს მაგალითად 30 დღით. ეს არის ნორმალური პრაქტიკა, თუ ვსაუბრობთ ტურისტზე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც სურს აქ იყოს 360 დღე, ეს უკვე ტურისტი არ არის. მაშინ უნდა გავერკვეთ რა მიზნებით ჩამოდის. ნორმალურ ქვეყანაში, ამ კითხვას სვამს შესაბამისი სამსახურები“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების შემთხვევაში, ქვეყნისთვის შემოსავლებიც გაიზრდებოდა.

„ვიზა რომ იყოს მარტივი გასაცემი და ფასიანი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შემოსავალი გაიზრდებოდა. ამასთან, ვიზის გაცემისას უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებ შემომსვლელზე“, - დასძინა მან.

“რუსეთიდან საქართველოში კომპანიები გადმოდიან, თითოეულს 200-300 თანამშრომელი მოჰყვება” - RENTALS.GE

ცნობისთვის, „ლელო“ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. "ლელო საქართველოსთვის" განცხადებით, სასწრაფოდ გასატარებელია კონკრეტული ღონისძიებები, რათა სახელმწიფომ დაიწყოს კონტროლი საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორთა ნაკადებზე, განსაკუთრებით კი ოკუპანტი ქვეყნიდან.

„ლელოს“ გამოდის ინიციატივით:

1. ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი (რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ);

2. შეიზღუდოს, ასევე მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი (რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ);

3. შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი (რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც აწარმოებენ სამხედრო აგრესიას უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ). დღესვე, „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფმა მიმართა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს სადეპუტატო კითხვებით, რათა მოხდეს შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროება და საზოგადოებას ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.