მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული გიდის რეგულირების დეტალები - „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტშია

647601b5e5d08
თელარა გელანტია
30.05.23 18:52
721
რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია, რაც იმას ნიშნავს, რომ განხილვებიც, სავარაუდოდ, მალე დაიწყება.

მართალია, თავდაპირველად ტურიზმის შესახებ ახალი კანონის შექმნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაიწყო, მაგრამ შემდეგ ეს საქმე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გადაიბარა. შედეგად, საბოლოოდ კანონპროექტის ინიციატორებს და ავტორებს შორის „ქართული ოცნების“ 9 დეპუტატი მოხვდა. მათ შორისა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და ასევე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

„ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი ინდუსტრიის სხვადასხვა რგოლისთვის სიახლეებს და რეგულაციებს ითვალისწინებს. რეგულირდება ტურისტული გიდების საქმიანობაც.

როგორც კანონპროექტშია განმარტებული, ტურისტული გიდი არის ფიზიკური პირი, რომელიც დაკავებულია ტურისტთა უშუალო მომსახურებით, კერძოდ, ტურის წინასწარ დაგეგმილი ან პროგრამის, მარშრუტისა და დროში გაწერილი მოქმედებების გეგმის თანახმად უზრუნველყოფს ტურის შინაარსობრივად, ტექნიკურად და ლოგისტიკურად წარმართვას.

რაც შეეხება ტურისტული გიდის საქმიანობის რეგულირებას, კანონპროექტში მას 35-ე და 36-ე მუხლები ეთმობა და როგორც ირკვევა, ტურისტული გიდი ვალდებული ხდება, დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;

ასევე, სიახლეა ტურისტული გიდის სერტიფიცირება, რომელსაც სსიპ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული იურიდიული პირი (აკრედიტებული პირი) განახორციელებს, თუმცა ამ კატეგორიის გიდებისთვის სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება.

როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, ტურისტული გიდის ოფიციალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს გასცემს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სსიპ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული იურიდიული პირის (აკრედიტებული პირი) ჩართულობით.

ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს და ნიშნის ფორმასაც სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ადგენს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის დავით სონღულაშვილის განმარტებით, მართალია, ტურისტული გიდების სერტიფიცირება სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ტურისტული გიდების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, როგორც კანონპროექტში წერია, ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან და ასევე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მფლობელი პირებისათვის დააწესოს სხვა სახის წამახალისებელი შეღავათები.

კანონპროექტის თანახმადვე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 2027 წლის პირველ ივნისამდე უნდა დაამტკიცოს ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი მოწმობის ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესი და ასევე, პირობები და მოწმობის ნიშნის ფორმა.