მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული ობიექტები აჭარაში, რომლებიც არასრულყოფილად მოეწყო და უფუნქციოდ იქცა - აუდიტის დასკვნა

604bc955d059a
თამთა ჯიჯავაძე
13.03.21 00:40
1223
აუდიტის სამსახურმა აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის ანგარიში მოამზადა, სადაც საუბარია იმ ტურისტულ ობიექტებზე, რომლებიც უფუნქციოდ არის დარჩენილი, ან კიდევ წინასწარი შესწავლის შედეგად დაიგეგმა მათი მოწყობა.

ანგარიშში წერია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების მოწყობისთვის გადახდილია 3,079,247 ლარი, თუმცა პროგრამის ინდიკატორები აჩვენებს, რომ გარკვეული აქტივობები სათანადოდ არ განხორციელდა. კერძოდ, ფიზიკური დათვალიერებითაც კი ნათლად ჩანს, რომ ვიზიტორები აღნიშნული ინფრასტრუქტურით ვერ სარგებლობენ.

ანგარიშში მოყვანილია საპიკნიკე ადგილისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგურის მაგალითი, რომლის მოწყობის სამუშაოები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2018 წელს ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შეისყიდა. ხელშეკრულებით, მიწოდების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბერი. თუმცა, საბოლოოდ, პროექტი დასრულდა 2019 წლის 27 ივნისს.
როგორც აუდიტი წერს, პროექტის დასრულების შემდეგ, შესრულებული სამუშაოს ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ობიექტს არ მიეწოდებოდა წყალი და გაუმართავი იყო საკანალიზაციო სისტემა, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის კი არ არსებობდა საჩრდილობელი და არ იყო მოწყობილი მისასვლელი კიბე.

„ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ პროექტის დაგეგმვის ეტაპზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ ჰქონდა სათანადო კონსულტაცია დარგის სპეციალისტებთან: თავიდანვე შესაძლებელი იყო იმის გათვალისწინება, რომ დაკვირვებისთვის აუცილებელი იქნებოდა საჩრდილობლის მოწყობა, ასევე მისასვლელად საჭირო იყო კიბე და ა.შ. შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება იყო 151.7 ათასი ლარი, დაგეგმილ ვადებში არ განხორციელდა და ვერ შეასრულა ის ფუნქციები, რის გამოც გაწეულ იქნა საბიუჯეტო ხარჯები. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ სათანადო მოვლა-პატრონობის განუხორციელებლობის გამო, დაზიანებული იყო გარე განათება და შენობის ფასადი, ასევე ეზოს ტერიტორიაზე ღობის დაზიანების გამო აღინიშნებოდა ანტისანიტარია.

არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, 2020 წლის დასაწყისში ელექტრონული ტენდერის გზით დამატებით განახორციელა წყალმომარაგების, კიბისა და საჩრდილობლის მოწყობის სამუშაოების, ღირებულებით − 28.1 ათასი ლარი, შესყიდვა. განმეორებითი შესყიდვის საჭიროება მიუთითებს, რომ ქვეპროგრამის დაგეგმვის ეტაპზე არ იქნა შეფასებული არსებული გამოცდილება მსგავსი პროგრამების განხორციელების დროს, ასევე ის საჭიროებები, რომელიც აუცილებელია გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისას. შედეგად, დროულად არ განხორციელდა პროექტი, ხოლო სამუშაოების არასრულყოფილად განხორციელების გამო, დაზიანდა მისი ნაწილი და თავიდან გახდა საჭირო საბიუჯეტო სახსრების გაწევა“, - წერს აუდიტი.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ დანდალოს ხიდთან და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოწყობაზე, რომელიც აუდიტის მიხედვით, თავის დროზე არასათანადოდ დაიგეგმა.

„არ შესწავლილა სამშენებლო ტერიტორიასთან მიმართებით ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიები საკუთრებასთან დაკავშირებით, რამაც მშენებლობის პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. ქვეპროგრამის მოსალოდნელი შედეგების შეფასების გარეშე დაგეგმვასა და განხორციელებას ადასტურებს ასევე ის, რომ აშენებული ფართები დღემდე უფუნქციოდაა“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

დასასვენებელ-საპიკნიკე ადგილები ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადაეცა. აუდიტის მიხედვით, ქედის მუნიციპალიტეტს უძრავი ქონება გადაეცა მოვლა-პატრონობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტს, დამატებითი პირობების გარეშე, მხოლოდ შემდგომში განკარგვის გაცემის მიზნით. თუმცა, აუდიტმა ფიზიკური დათვალიერებით გაარკვია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მიერ ქონების სათანადო მოვლა-პატრონობა არ ხორციელდება.

„შექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად უფუნქციო, მიტოვებული და დაბინძურებულია. ობიექტს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ვიზიტორი ვერ სარგებლობს შექმნილი ინფრასტრუქტურით, ხოლო ქონება მოუვლელობისაგან ზიანდება და ღირებულებას კარგავს“, - წერს აუდიტი.

აუტიდის ანგარიშში საუბარია ასევე ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე მწვანე ტბის პროექტზეც, რომელიც 2018 წელს არ განხორციელდა დაგეგმვაში არსებული ხარვეზების გამო.

„სამშენებლო ტერიტორია განთავსებულია აჭარის მაღალმთიან ზონაში, სადაც კლიმატური პირობების გამო, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პერიოდი მოკლეა. შესაბამისად, მაღალი იყო მშენებლობის დაუსრულებლობის რისკი, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას მოახდენდა ობიექტის ხარისხზე. პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულდა 2019 წელს, თუმცა პროექტის არასათანადო, ყველა გარემოების შესწავლის გარეშე დაგეგმვის გამო, მასში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. კერძოდ, ხელშეკრულება თავდაპირველად ითვალისწინებდა ნავმისადგომის მშენებლობას, თუმცა განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ნავმისადგომი ჩანაცვლდა პანორამული ბაქნით. სამინისტროს განმარტებით, მწვანე ტბის წყლის დონის ცვლილებების გამო სტაციონალური ნავმისადგომის მოწყობა შინაარსს მოკლებული დარჩებოდა, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წყლის სარკეზე მდგარი პანორამული ბაქნის მოწყობის შესახებ“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში გამოვლენილი ხარვეზები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ პროექტების ადმინისტრირებაში არსებულ სისტემურ ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

ცნობისთვის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის პერიოდი მოიცავს 2016-2019 წლებს.