მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივნისსა და ივლისში ნახევრად ცარიელები ვიყავით, სვანეთში ტურისტები არ იყვნენ" - სასტუმრო “გისტოლა"

სასტუმრო მესტიაში

სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი ივნისი-ივლისის თვეებში ჩავარდა, მესტიაში დამსვენებლების ნაკლებობა შეინიშნებოდა, - ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმრო “გისტოლას” დამფუძნებელი, ირაკლი გურჩიანი საუბრობს. 

“ივნისსა და ივლისში ნახევრად ცარიელები ვიყავით, რატომღაც ტურისტები საერთოდ არ იყვნენ სვანეთში. აგვისტო-სექტემბერში უკვე 100%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ, თუმცა სეზონი უკვე კვდება. შესაძლოა, იანვარში, საახალწლოდ ისევ იყოს მაღალი მომართვიანობა და შემდეგ, აპრილის ბოლომდე, დატვირთულობა 5%-ც არ იქნება”, - ამბობს ირაკლი გურჩიანი.

მისი თქმით, “გისტოლას” დამსვენებლების 90%-ს უცხოელი ვიზიტორები შეადგენდნენ, რომელთა დიდი რაოდენობაც აზიის ქვეყნებიდან იყვნენ: “ძირითადი ნაწილი კორეელები და იაპონელები იყვნენ, ასევე ებრაელები, პოლონეთიდან და ჩეხეთიდანაც”.

ცნობისთვის, სასტუმრო “გისტოლა” ზაფხულის სეზონს სიახლით შეხვდა და სასტუმროს დამსვენებლებს, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ზამთარ-ზაფხულ თბილი წყლით უზრუნველყოფილი აუზი შესთავაზა. გურჩიანის თქმით, აუზის ხარჯების დასაფარად სასტუმრო ახალი სეზონიდან ნომრის ფასებს მცირედით დააკორექტირებს.

“აუზი ჯერჯერობით მხოლოდ სასტუმროს დამსვენებლებისთვისაა ღია, შემომსვლელებისთვის - არა, რადგან გარკვეული დეტალებია დასამთავრებელი, გასახდელები, რაც სასტუმროს დამსვენებელს არ სჭირდება, დასამატებელია. 

მომავალი სეზონიდან გახდება ცნობილი, რამდენად გაამართლა აუზის იდეამ. ორი წლის განმავლობაში, ვინც კი ჩამოდიოდა, ყველა აუზს ითხოვდა, თუმცა სვანეთში მისი ექსპლუატაციაში მოყვანა ძალიან ძნელია. ამდენი წყლის დენით გაცხელება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ვიკავებდით თავს, გაზი კი საერთოდ არაა მესტიაში. აქედან გამომდინარე, მომავალი სეზონიდან ნომრის ღირებულებაც გაიზრდება”, - აღნიშნავს “გისტოლას” დამფუძნებელი.

მისივე თქმით, ერთადგილიანი ნომრის ღირებულება ამ დრომდე $90 იყო, ორადგილიანი ნომრის კი - $100. მომავალი სეზონიდან თითოეული $20-ით გაიზრდება. აუზი მომხმარებლებს ზამთარ-ზაფხულ მოემსახურება. 

სასტუმრო “გისტოლა” მესტიაში 2021 წლიდან ოპერირებს და 45 ნომრისაგან შედგება. ტურისტული ობიექტის სახელწოდება მწვერვალი გისტოლადან მოდის, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და თეთნულდზე 150 მეტრით მაღალია. სასტუმროს ინვესტიცია $5 მილიონი იყო.

როგორც ირაკლი გურჩიანი აღნიშნავს, “სასტუმროების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 4 ვარსკვლავი გვაქვს მონიჭებული, თუმცა ახლა უკვე 5 ვარსკვლავს ველოდებით”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები