მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია ტუროპერატორების ზედამხედველი ხდება - კანონპროექტის დეტალები

6479ba58c4983
თელარა გელანტია
02.06.23 23:30
968
ტურისტული მომსახურების სფეროში ახალი რეგულაციები შემოდის, რომლის შედეგად, სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ზედამხედველის ფუნქციები ენიჭება.

აღნიშნულს „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც უკვე პარლამენტშია. კერძოდ, ტუროპერატორი და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული ხდება, შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფა იქონიოს.

კომბინირებული ტურისტული მომსახურება - არანაკლებ ორი სხვადასხვა ტიპის ტურისტული მომსახურება, რომლებიც შეძენილია ერთი და იმავე მოგზაურობის ფარგლებში და არ შეადგენს პაკეტს და ხდება ცალკე ხელშეკრულებების დადება ტურისტული მომსახურების ინდივიდუალურ მიმწოდებლებთან... სრული განმარტება აქ

ტუროპერატორი - პირი, რომელიც ქმნის და ყიდის (ან სთავაზობს გასაყიდად) ტურისტულ პაკეტს თვითონ ან ტურაგენტის მეშვეობით ან ტურაგენტთან ერთად, ან რომელიც აწვდის ტურისტის მონაცემებს ტურისტული მომსახურების სხვა მიმწოდებელს... სრული განმარტება აქ

კანონპროექტის თანახმად, ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტუროპერატორს/კომბინირებული მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა ან საბანკო გარანტია.

ტუროპერატორის და/ან კომბინირებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულების ზედამხედველად სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განისაზღვრა, რომელსაც ტურისტული სერვისის მიმწოდებლებმა, გარკვეული პერიოდულობით, შესაბამისი ანგარიში უნდა წარუდგინონ.

„იმის დასადგენად, თუ რამდენად ადეკვატურია ტუროპერატორის/კომბინირებული მომსახურების მიმწოდებლის უზრუნველყოფა (დაზღვევა/ გარანტია) მის ფინანსურ ვალდებულებებთან, სუბიექტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში წარადგენს წლიურ და კვარტალურ ანგარიშებს ტურისტული პაკეტის და კომბინირებული მომსახურებების გაყიდვით მიღებულ შემოსავლებზე. კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ტუროპერატორის/კომბინირებული მომსახურების მიმწოდებლის გადახდისუუნარობას ადგენს ტურიზმის ერობნული ადმინისტრაცია. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია დაადგენს ტუროპერატორის/ კომბინირებული მომსახურების მიმწოდებლის გადახდისუუნარობის ფაქტს, დაზარალებული ტურისტი, რომელსაც გაუუქმდა პაკეტი, უფლებამოსილი იქნება, აინაზღაუროს პაკეტში გადახდილი თანხა უზრუნველყოფიდან“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც კანონპროექტიდან ვიგებთ, ტუროპერატორმა/კომბინირებული ტურისტული სერვისის მიმწოდებელმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს შესაბამისი უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის (სერტიფიკატი) ერთი ეგზემპლარი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ რეესტრში აისახება.

რაც შეეხება იმას, როგორ გამოითვლება საბანკო გარანტიისთვის საჭირო თანხა, კანონპროექტის 29-ე მუხლში დეტალურადაა გაწერილი ფორმულა სერვისის მიმწოდებლების მიხედვით:

ა) ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და ჩარტერულ ფრენებს, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა;
ბ) ტურაგენტი, რომელიც ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ტუროპერატორის მიერ შექმნილი პაკეტის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტებს სთავაზობს ასეთ პაკეტს ან ასეთი ტუროპერატორის სახელით ჰყიდის ამ პაკეტს, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა;
გ) ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და რეგულარულ ფრენებს, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა ;
დ) ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს, გარდა რეგულარული ან ჩარტერული ფრენებისა, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა ;
ე) კომბინირებული ტურისტული მომსახურებები, რომელიც ხორციელდება საქართველოში,საქართველოს გარეთ ან მხოლოდ საქართველოს გარეთ, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს დაგეგმილი კომბინირებული ტურისტული მომსახურებების წლიური გაყიდვების არანაკლებ 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა.

კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 2027 წლის პირველ ივნისამდე უნდა დაამტკიცოს: ა) „ტურისტულ პაკეტების და კომბინირებული ტურისტული მომსახურებებით გაყიდული მთლიანი შემოსავლების შესახებ ანგარიშის ფორმა“; ბ) გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის გამოყენების წესი და პროცედურები; გ) „ტურ ოპერატორისა და კომბინირებული ტურისტული მომსახურებების მონაწილის გადახდისუუნარობისაგან დაცვის სერტიფიკატის ფორმა“.დ) დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის წესი და სტანდარტი.

გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმის ადმინისტრაციას ეკისრება ტუროპერატორების გადახდისუუნარობის კონტროლი და ასევე, გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული საჩივრების მართვა, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად, ადმინისტრაციას დასჭირდება ახალი დეპარტამენტის ჩამოყალიბება, რომლის დაარსების ერთჯერადი ხარჯი შეადგენს 20,600 ლარს; ადამიანური რესურსის სახელფასო და სხვა ადმინისტრაციულმა ხარჯმა 2023-2025 წლებში მოასალოდნელია შეადგინოს 341,591 ლარი, ხოლო საშუალოწლიური ხარჯები ინფლაციისა და საჯარო სექტორში სახელფასო განაკვეთის ზრდის გათვალისწინებით შეადგენს 170, 795 ლარს.

ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტით დაგეგმილ სხვადასხვა რეგულაციაზე, მათ შორის შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის, ტუროპერატორებისა და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებისთვის ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულების შემოღებასთან დაკავშირებით, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „საქართველოს ტურიზმის ალიანსის“ თამადამფუძნებელმა თამუნა თანდაშვილმაც ისაუბრა.

“ტურისტული კომპანიების და ტუროპერატროების საქმიანობა, რომელიც ამ პროექტით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ უნდა დარეგულირდეს, ჩვენი აზრით, გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ჩვენ გვაქვს მაღალი მომართვიანობა სექტორის მხრიდან. ისინი სხვა ტიპის ფორმულირებას ითხოვენ, რაც კანონპროექტის ავტორებს მივაწოდეთ“, - თქვა თამუნა თანდაშვილმა.

BMG-ის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს უკვე მიმართა თხოვნით, რათა ტურიზმის შესახებ კანონპრროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართოს.

ტურიზმის შესახებ კანონპროექტი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის დახმარებით მომზადდა. პროცესში აქტიურად იყო ჩართული „საქართველოს ტურიზმის ალიანსი“.

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატია. მათ შორის არიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და ასევე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.