მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაცხადებ, რომ ისრაელიდან საქართველოში 0,5 მლნ ტურისტის ჩამოსვლა შესაძლებელია “ - იციკ მოშე

60fad8a43e820
ვიქტორია მღებრიშვილი
24.07.21 20:00
4157
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის თქმით, ისრაელიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის 500 000-მდე გაზრდაა შესაძლებელი. ამის შესახებ იციკ მოშემ BMG-სთან საუბრისას ქვეყნებს შორის ტურიზმში არსებული რესურსებზე საუბრისას აღნიშნა.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2018 წელს იციკ მოშე ამბობდა, რომ ისრაელიდან საქართველოში ჩამოსვლა 200 000 ვიზიტორს შეეძლო. ეს მაჩვენებელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პანდემიის დაწყებამდე - 2019 წელს იქნა მიღწეული, რა დროსაც ისრაელიდან საქართველოში 205 000 ვიზიტორი შემოვიდა.

„ივნისის მონაცემებს თუ შევხედავთ, 2019 წლის ივნისთან შედარებით, ვარდნა მხოლოდ 23%-იანია და პოტენციალი საკმაოდ დიდია. დღეს ვაცხადებ, რომ ისრაელიდან საქართველოში შესაძლებელია 500 000 ტურისტი ჩამოვიდეს, რაც საქართველოს ეკონომიკაში კონტრიბუციის სახით 0.5 მლრდ დოლარის შემომტანია. ამიტომ ამ მიმართულებით ორივე მხარეს უნდა ვიმუშაოთ. მაგალითისთვის გვაქვს ბილატერალური ტურიზმის პროექტი. რაც არამხოლოდ ისრაელიდან საქართველოში ტურისტების ჩამოსვლას, არამედ პირიქით საქართველოდან ისრაელში ვიზიტორების უპრობლემოდ შესვლას მოიცავს. 32 წელია ვმუშაობ აღმოსავლეთ ევროპაში და ვიცით, როგორ შეიძლება საქართველოდან ისრაელში ტურიზმი გაძლიერდეს, ქართველმა, რომელიც აეროპორტში ჩადის, თავი ღირსეულად უნდა იგრძნოს და 5 წუთში შევიდეს საზღვარზე. გვაქვს მეთოდი - როგორ შეიძლება საქართველოდან ისრაელში ჩავიდეს ტურისტი და საზღვარზე 3-5 საათიანი ლოდინი არ მოუწიოთ, ამ მეთოდს ისრაელში ტურიზმის მინისტრს წარვუდგენთ, ეს აქტუალური არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც იქნება“, - ამბობს იციკ მოშე.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი ტურიზმის მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებულ გამოცდილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესებულია.

„მაგალითისთვის გეტყვით, რომ 25 წლის წინ ისრაელიდან საქართველოში ჩამოსასვლელად ხუთი დღე იყო საჭირო - თელ ავივი- ვენა, ვენა - მოსკოვი, მოსკოვი - თბილისი. დღეს, პანდემიის პერიოდში საქართველოში დღეში ხუთი ავიარეისი ჩამოდის, ეს უდიდესი წინსვლაა.

1999 წელს ისრაელში საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა გავხსენით, სადაც საქართველოში ტურისტების ჩამოყვანისთვის პირველი ნაბიჯები გადავდგით, იმ პერიოდში ისრაელში საქართველოზე პირველი სტატიები დაიწერა. იმ პერიოდში ჩემი განაცხადი, რომ ისრაელიდან საქართველოში ერთი რეგულარული რეისი შესრულდებოდა, სასაცილო იყო, დღეს კი ვხედავთ, რომ არამხოლოდ ხუთი, არამედ დღიურად 10-15 რეისი შეიძლება განხორციელდეს“, - განმარტავს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი.