საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს აზრით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს, მაგრამ ამისთვის უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ბრუნვის მსგავსად, ისრაელიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა არც ისე დიდია. საქსტატის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი - 35 მლნ დოლარის FDI ისრაელიდან 2022 წელს შემოვიდა; შარშან ეს მაჩვენებელი 21 მლნ დოლარი იყო. საქსტატის თანახმადვე, ისრაელელი ინვესტორები ყველაზე ხშირად ფულს უძრავი ქონების სფეროში დებენ; ასევე, შედარებით მცირე მოცულობით, მაგრამ ინვესტიციებს ახორციელებენ გართობა-დასვენების სექტორში, საფინანსო-სადაზღვევო სფეროებსა და ვაჭრობაში.
- „მინიმუმ 100 მილიონის დოლარის მოზიდვა შეიძლება ისრაელიდან, მაგრამ მთავარია, სარკეში ჩავიხედოთ და რაც არ მოგვეწონება გამოვასწოროთ“ – 2021 წელს BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი. FDI-ის სტატისტიკის და ტენდენციის გათვალისწინებით, დღეს რას იტყოდით - არ გვაქვს სარკე თუ ჩახედვა არ გვიყვარს?
- სარკეში ჩახედვა არის საშუალება, სიტუაციის შესაფასებლად; სარკეში ჩახედვის შემდეგ, შეიძლება, ისრაელთან მუშაობა უფრო გაძლიერდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ისრაელიდან მილიარდობით დოლარი გადის სხვა ქვეყნებში, რომლებიც ნაკლებად საინტერესო და ნაკლებად მეგობრულია. ბოლო წლებში FDI-ის არსებული სტატისტიკა შეიძლება ობიექტური მიზეზებით - covid-პანდემიით და ომით აიხსნას, მაგრამ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. საკმარისია ჩახვიდე ისრაელში, თელ-ავივში და დაინახო ირგვლივ მილიონი კვადრატული მეტრის ოფისები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სფეროში - სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, ტექნოლოგიების, ინვესტიციების მიმართულებით... ჩათვალეთ, რომ ამ მილიონი კვ/მ ფართობის ოფისებიდან 100 კვ/მეტრის ოფისები მუშაობს საქართველოში ანუ პოტენციალი ძალიან დიდია და ისრაელიდან უფრო მეტი ინვესტიციის მოსაზიდად საქართველოს წარმომადგენელს <ელჩს> ისრაელში, უნდა ჰქონდეს დავალება რამდენად შეიძლება ინვესტიციების ნაკადი გაძლიერდეს.
- საქართველოში ისრაელის სელჩომ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს?
- არა მხოლოდ საელჩომ.. საქართველო გერმანიის ან საფრანგეთის დონის ქვეყანა რომ გახდება, მერე ყველაზე დიდი საზომი ერთეული იქნება, როგორი ჰალსტუხი უკეთია ელჩს. დღეს საქართველო სხვა ეტაპზეა, როგორც იყო ისრაელი ათეული წლის წინ. საქართველოს საელჩოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ყოველთვე დაინახონ ზრდა ექსპორტში, ინვესტიციებში; ეს არის აუცილებელი. ელჩი რომ დგება დილით, უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს შუადღეს და საღამოს. მე არ ვსაუბრობ კონკრეტულად საქართველოზე...
- უმართლებს საქართველოს ისრაელში საქართველოს ელჩებში?
- ჩემი პრეროგატივა არაა, ვთქვა, საქართველოსთვოს საკმარისია თუ არა <მათი მუშაობა>. ჩვენ, როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა გამოვდივართ ინიციატივებით, რადგან ვიცით, რომ არის პოტენციალი. რა თქმა უნდა, ველოდები, რომ საქართველომ ყოველთვე ჩაატაროს ბიზნეს-ფორუმები...
- რამდენად ხშირია ამ კუთხით საქართველოს მხრიდან აქტივობა?
- არის... საქართველოს პარლამენტის და ისრაელის ქნესეთის მეგობრობის ჯგუფები საკმაოდ ძლიერად მუშაობენ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ყვეელაფრის გაკეთება. ბიზნეს-ფორუმი ყოველთვე ჩატარდება თუ წელიწადში ერთხელ, ეს დამოკიდებულია საქართველოს სურვილზე. მე ვამბობ, რომ პოტენციალი არის.
- საქართველოს მხრიდან არაა სურვილი, ეკონომიკური გაძლიერების?
- ეს საქართველოს უნდა ვკითხოთ, საქართველოს მთავრობას. შეიძლება, ეს ყოფნით...
- თქვენი აზრი მაინტერესებდა...
- ჩვენ <საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა> წელიწადში ორ ბიზნესფორუმს ვატარებთ. ვიცით, რა შეიძლება გაკეთდეს. რა თქმა უნდა, საჭიროა ბევრად მეტი აქტივობა.
- რა სჭირდებათ ისრაელელ ინვესტორებს იმისთვის, რომ საქართველოში მეტი ინვესტიცია ჩადონ? ყველაზე ხშირად რა კითხვებს გისვამენ - რა აინტერესებთ საქართველოს ბიზნესკლიმატის შესახებ?
- საქართველოში არის ისრაელელი ბიზნესმენების წრე, რომლებიც უკვე საქართველოში მუშაობენ; ყველაზე მარტივია ამ ინვესტორებმა გააკეთონ რეინვესტიცია; ჩამოიყვანონ პარტნიორები და ახალი ინვესტორები თავიანთი წრიდან. ამისთვის კი, საჭიროა იმ ბიზნესმენებზე ზრუნვა, ვინც საქართველოში მუშაობს; ეს არის გასაკეთებელი.
- რამდენად უფრხილდება და ზრუნავს საქართველო ინვესტორებზე?
- ველოდები უფრო მეტ ზრუნვას, როცა პრობლემები არის. რა თქმა უნდა, საქართველოში ბევრი რამეა დალაგებული, მოწესრიგებული საკანონმდებლო თუ ნებართვების გაცემის კუთხით, მაგრამ პრობლემების დროს ველოდები უფრო მეტ ზრუნვას ეკონომიკის სამინისტროსგან და ასევე, ბიზნესომბუდსმენისგან, ვინაიდან ბიზნესმენი, რომელიც ჩამოდის სხვა ქვეყანაში, ენა არ იცის და ხედავს, რომ მისი პრობლემა გრძელდება 2-3 წელი, ის არ გააგრძელებს ინვესტირებას და მისი მეგობარიც არ ჩამოვა საქართველოში.
- ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებიან საქართველოში ისრაელელი ინვესტორები?
- ვინაიდან უძრავი ქონების სექტორია წამყვანი, სადაც ყველაზე მეტი FDI იდება ისრაელიდან, გამოწვევებიც ამ კუთხით არის - მაგალითად, როცა იცვლება რამე კანონი, განაშენიანების ზონალური სისტემა და ა.შ. ჩემი აზრით, როცა პრობლემა იქმნება, ზრუნვა ხუთი წელი არ უნდა გრძელდებოდეს; ეს არის მიუღებელი, ვინაიდან ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ იმ ინვესტორს, არამედ მის მეგობრებს, წრეს და თუ ინვესტორი არ საუბრობს ამაზე, ეს უფრო ცუდია. მირჩევნია ეს ინვესტორი მოვიდეს ჩვენთან და მივმართო პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს...
- რამდენად ხშირად გიწევთ მიმართვა?
- თვეში ერთხელ.. ბევრჯერ პრობლემებიც გვარდება, მაგრამ არის საკითხები, რაც ვერ გვარდება.
- რა არის ის, რაც ვერ გვარდება?
- მაგალითად, ადამიანმა იყიდა ნაკვეთი, სადაც შეიძლებოდა მშენებლობა; შემდეგ მიწის ნაკვეთს შეეცვალა ზონალური სტატუსი და მშენებლობა შეიზღუდა; ვერავინ დამაჯერებს, რომ ინვესტორს შეუძლია, 7 წელი მოიცადოს, სანამ გადაწყვეტილება შეიცვლება; ეს მიუღებელია. ეს არაა შენიშვნა შენიშვნისთვის. მე მინდა, როდესაც წლის ბოლოს ჩავატარებთ ბიზნესფორუმს თბილისში, საქართველოს მთავრობამ განაცხადოს - „ჩვენ ყველა პრობლემას ვაგვარებთ, ყველა ინვესტორს შეუძლია, მოვიდეს, ვისაც პრობლემები აქვს, ჩვენი კარები ღიაა“... ხუთი პრობლემის მოგვარებას შეუძლია, დამატებით 100 მლნ შემოიტანოს საქართველოში, ეს ხომ მარტივია?! შეიძლება, ყველა პრობლემა ერთ თვეში ვერ მოგვარდეს, მაგრამ ველოდები, რომ ერთ თვეში დაიბარონ მერიაში ან ეკონომიკის სამინისტროში და მოიკითხონ, არის თუ არა პროგრესი; პრობლემების მოგვარება გააძლიერებს და გააათმაგებს ინვესტიციებს.
- თქვენი აზრით, რატომ ვერ გვარდება? პოლიტიკური ნება არ არის?
- ორი პრობლემაა. პირველ კითხვას ქართულმა მხარემ უნდა გასცეს პასუხი - რამდენად უნდათ დამატებითი ინვესტიციები და მეორე - თუ უნდათ და არ კეთდება უფრო მეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო, სამწუხაროდ, ისრაელს არ იცნობს. საქართველოში, მოქალაქეებმა უფრო მეტი უნდა იცოდნენ ისრაელის პოტენციალის შესახებ; ეს ეხება ტურიზმს, ექსპორტს, ინვესტიციებს, ვაჭრობას და ა.შ.