საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელში სამუშაოდ წასვლის სანაცვლოდ, 7 000 – 10 000 დოლარი არ გადაიხადონ. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. მისი ინფორმაციით, რადგან საქართველოსა და ისრაელის 10-წლიანი მცდელობის შემდეგაც, ვერ მოხერხდა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე შეთანხმების მიღწევა, ამჟამად საქართველოს 30 ათასამდე მოქალაქე, ერთჯერადად სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ, მუშაობს ისრაელში. „შესაძლებელია, ასობით მილიონობით თანხის უკანონოდ ბრუნვის გამო, ხელი შეეშალოს ისეთ ინიციატივებს, რომელიც საქართველოსთვის ისრაელში დასაქმების კვოტის გამოყოფას ითვალისწინებს“, - ამბობს იციკ მოშე BMG-სთან. ისრაელში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო, გაჩნდა ახალი გარემოებები, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის იციკ მოშეს აზრით, იძლევა საუკეთესო შანსს, ისრაელში საქართველოს მოქალაქეები, ფაქტობრივად, თანხების გადახდის გარეშე დასაქმდნენ. იციკ მოშე ირწმუნება, რომ საკითხის მოგვარებას ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებს შორის აქტიური მუშაობა სჭირდება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის “ხელმძღვანელი მზადყოფნას გამოთქვამს, ამ პროცესში საკუთარი წვლილიც შეიტანოს.
- ბატონო იციკ, როგორ დაახასიათებთ პრობლემას?
- მსურს, საკითხი დროულად მოგვარდეს. გამოვდივარ ინიციატივით, ვაქტიურობ და ამიტომ ჩემს თავს მივცემ უფლებას, დაწვრილებით და ღიად მოგიყვეთ პრობლემის შესახებ. პრობლემა ურთულესია, ბევრი წვრილმანია, ამიტომ მხოლოდ რომელიმეზე ცალკე საუბარი კიდევ 10 წელი არ მოიტანს სასურველ შედეგს, მეტიც, ალბათ გაჩნდება ახალ-ახალი პრეტენზიები, უპირველეს ყოვლისა, ისრაელის მიმართ, რაც მიუღებელია.
ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული შედეგზე და ამიტომ გავშლი ამ საკითხს. დავიწყოთ ისრაელის გადმოსახედიდან: ისრაელი თავისი, ფაქტობრივად, ყოველდღიური საომარი მდგომარეობის გამო, რასაც ჩვენი მოქალაქეები ეწირებიან, ვერ დაუშვებს უკანონობას და საზღვრის უკონტროლობას, ამიტომ ისრაელს აქვს ათასი მიზეზი, გაამკაცროს საზღვრის კონტროლი და სხვა, თუნდაც ძალიან მეგობარი ქვეყნის სურვილი არაფერ შუაშია ისევე, როგორც საქართველოს გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს დაყრდნობილი სხვა ქვეყნების სურვილებზე. ახლა ვნახოთ მოგვარების გზები: საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურად მოხვედრაზე, მათ შორის დასაქმებაზე უნდა იზრუნოს ქართულმა მხარემ. ბოლო 10 წელიწადში რა ენერგიაც დაიხარჯა პრეტენზიებზე, მისი 10%-ით შესაძლებელი იყო ამ საკითხის მოგვარება, მით უფრო, ერთმანეთისადმი ასე მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში.
- ზუსტად ეს კითხვა ისმის, რატომ არ გვარდება საკითხი მეგობრულ სახელმწიფოებს შორის?
- რა კავშირი აქვს მეგობრობას უკანონობასთან?! ისრაელის მოქალაქე რომ არღვევს კანონს საქართველოში, არ მიდის საქართველოში ციხეში?! ამიტომ აბსოლუტურად გაუგებარია, სოციალურ ქსელებში თუ პრივატულ საუბრებში ისრაელისადმი პრეტენზიები და ანტისემიტური განცხადებები. მინდა, ღიად ვთქვა, მოქალაქეს, რომელსაც არ უშვებენ ისრაელში და იქვე ჰიტლერის ციტატებით იწყებს ლაპარაკს, ვერავინ დამაჯერებს, რომ ასეთი არ იყო ისრაელში ჩაფრენამდე. თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს, უპირველეს ყოვლისა ჰქონდეს ეს საკუთარ თავთან და მის გარემოსთან! რაც შეეხება ე.წ. ვიპ-პირების ტურისტულად შესვლაზე, როგორც ჩანს, დღესაც არსებობს გზები, რომ უპრობლემოდ მოხვდნენ ისრაელში.
- როგორ?
- გყავთ წარმომადგენლობა ისრაელში და შეეკითხეთ. არ მჯერა, რომ ელჩის ფუნქციაა ქართული სიმღერები იმღეროს ქართველ ებრაელებთან. მან უნდა მოაგვაროს საქართველოს საკითხები ისრაელში და იზრუნოს ქართულ დიასპორაზე, რაშიც არ შედის ე.წ. ქართველი ებრაელები. მინდა, ქვეყნებს შორის ნორმალური და ძლიერი კავშირები იყოს, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ გადაუხადოს 10 000 დოლარი ისრაელში დასაქმების სანაცვლოდ, იმ პატარა ვაჭრებს... მე მჯერა ქართველი ხალხის, რომელიც ნიჭიერია კულტურაში, სპორტში და სხვა სფეროებშიც სულ პოულობთ რესურსს. უცნაურია, რატომ ვერ პოულობთ რესურსს იმისთვის, რომ მოაგვაროთ ეს საკითხი?! ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მზად არის, მიიღოს 100 000 ადამიანი სამუშაოდ და რატომ არ შეიძლება მათი ნაწილი საქართველოდან შევიდეს?! ანუ ქვეყანაში შესვლა არის კანონიერი, ფულის გადახდის გარეშე; მაქსიმუმ რამდენიმე ასეული დოლარის გადახდა შეიძლება იყოს საჭირო დოკუმენტების მოსაწესრიგებლად. ამიტომ არ გადაიხადოთ ფული. არის ათასობით ადამიანის გამოცდილება და ოფიციალურ წრეებთან ერთად, ორგანიზებულად იპოვეთ რესურსი, რომ ისრაელში ლეგალურად შეხვიდეთ და იმუშაოთ.
- მაინც როგორ იპოვონ ეს გზა და რესურსი მოქალაქეებმა, რომელთაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სურთ ისრაელში წასვლა და იქ მუშაობა, თუნდაც არალეგალურად?
- მე მინდა, წვლილი შევიტანო ამ კავშირებში და ამიტომ მინდა ანკესი მოგაწოდოთ და არა თევზი. ჩემი აზრით, ისრაელში საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ უნდა თქვას, რაში გამოიხატება პრობლემა? რატომ ვერ გვარდება? ვინ უშლის ხელს? ფულს ვინ იღებს? რომელი კომპანიები არიან... და გამოინახოს გზები მოგვარებისთვის. ვინც უერთდება პრეტენზიებს და ეცდება თქვენი გული მოიგოს, ის თქვენი მტერია და არაფერს გააკეთებს. გეუბნებით, რომ თუ ეს საკითხები მოგვარდება, ისრაელში უფასოდ შესვლა და მუშაობა იქნება შესაძლებელი იმ დათქმით, რომ ადამიანს შეეძლება, რამდენიმე წელი კანონიერად იმუშაოს ისრაელში, სამ თვეში ერთხელ დაბრუნდეს თავის ოჯახში. 2 წლის შემდეგ კი, სამშობლოში დაბრუნებული ადამიანები საქართველო კვალიფიციური მუშების დეფიციტის პრობლემასაც გადაჭრიან.
- ვინაიდან ზრუნავთ ამ საკითხებზე, დავიწყოთ ტურისტებიდან - გვითხარით, როგორ უნდა მოგვარდეს მათი ისრაელის საზღვარზე დაუბრკოლებლად შესვლა?
- პირველ რიგში, ისრაელი, ისევე როგორც საქართველო, დაინტერესებულია, ქვეყანაში შევიდეს რაც შეიძლება მეტი ტურისტი. ტურისტების მოსაზიდად იხარჯება მილიონები და იქმნება დოვლათი. არ დაგვავიწყდეს, რომ ვართ ინტერნეტის, მაღალი ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და არ არის საჭირო ანკეტები ინფორმაციის შესაგროვებლად და კარადების შესავსებად ქაღალდები.
პირველი საკითხია ვიპ-სტუმრები: ესენი არიან საზოგადო მოღვაწეები, ბიზნესმენები, რელიგიური პირები, მსახიობები და სხვა. კეთდება 10-20 ათასკაციანი ელექტრონული სია და ორივე მხარის ოფიციალური წარმომადგენლობებთან შეთანხმებით, აეროპორტში შემოსვლიდან ზუსტად 5 წუთში შევლენ ქვეყანაში. მეორე: ლიცენზიების გაცემა 2-3 ტურისტულ კომპანიაზე დიდი თანხობრივი გარანტიით, რომლებიც ჯგუფებს გაამგზავრებენ ისრაელში. ტურისტული კომპანიები თვითონ მარტივად გააკეთებენ სელექციას, სხვა შემთხვევაში, გარანტიას დაკარგავენ. ამ შემთხვევაშიც ტურისტული ჯგუფები 5 წუთში გადალახავენ საზღვარს. მესამე: დამატებითი სელექცია რაც მოხდება საქართველოს აეროპორტებში და არა - ისრაელში. ამ სამი მეთოდით ჩვენ მივაღწევთ 90%-იან სიზუსტეს სელქციაში და მოგვარდება ტურისტების შესვლის საკითხი.
- და სამუშაო ვიზები?
- აღნიშნული სელექციის შემდეგ ანუ როცა მოხდება ტურისტების გამოყოფა სამუშაოს მსურველებისგან, გზა ხსნილი ხდება სამუშაო კვოტებზე, რაც იქნება ლიმიტირებული დროში, ვინაიდან ალბათ საქართველოს მთავრობის პოზიციაც გასაგებია, რომ არ დაკარგონ სამუშაო ძალა და მოქალაქეები. ეს მუშაობა უნდა მოხდეს ლობირებით, ორმხრივად, ყოველდღიურად და შედეგებიც იქნება. ორჯერ ვიყავი ინიციატორი და პარლამენტარებთან ერთად უშუალო მონაწილე შეხვედრების სამუშაო კვოტის გამოყოფის საკითხზე, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე ბოლომდე ვერ მივიდა. ალბათ დაინტერესდებიან, რა იყო ამის მიზეზი და რა მოხდა ორივე მხარეს.
- რა ფორმატში უნდა შედგეს შეთანხმება?
- ყველა საკითხს სჭირდება შესწავლა, გეგმარება და განხორციელება. ყველა პრობლემურ საკითხში გამოსავალი მარტივია, თუ სამი სიტყვის შესრულება შეგიძლია: ესაა მუშაობა, მუშაობა და მუშაობა! საერთაშორისო ურთიერთობებს ზღაპრები არ სჭირდება. არის მეგობარი ქვეყანა, და თუ ამ პრობლების მოგვარება პრიორიტეტულია, იმუშაონ ორივე მხარის წარმომადგენლებმა 25 საათი დღეში და შედეგს მიაღწევენ. ყველა შემთხვევაში დღევანდელ სიტუაციას მოგვარება სჭირდება. ვითარება, როცა სოციალურ სივრცეში, მადლობის მაგივრად, ვრცელდება წარმოუდგენელი ანტისემიტური სტატიები, კომენტარები თუ ვიდეოები, საშიშროებას უქმნის ურთიერთობებს. ასეთი უარყოფითი განწყობები და სტატიები ან წახალისებული და დაფინანსებულია გარედან, ან იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებსაც ებრაელი ცხოვრებაში არ უნახავთ, ანდა არაფერი იცის, არც წარსულში კავშირებზე და არც ბოლო 35 წლის ურთიერთობებზე, უბრალოდ, ბოდავს რაღაც „ვალზე“. ზუსტად ამ საკითხზე გითხარით, რომ ისრაელში მხოლოდ ე.წ ქართველი ებრაელების დანახვა საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში მხოლოდ ორმხრივ კრახს მოიტანს. მზად ვარ, სხვა დროს გავშალო ეს თემა.
ფაქტია, ვინაიდან ადამიანებს ჰგონიათ, რომ უკანონოდ შეუძლიათ ისრაელში შესვლა ქართველ ებრაელებთან მეგობრობის გამო, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა საკითხის გადაჭრაში. სამწუხაროა, რომ ბოლო 10 წელიწადში რესურსი ვერ მოიძებნა, არ ჩაიდო ენერგია და ვერ მოგვარდა ეს მტკივნეული საკითხი.
- ვინ საუბრობს “ვალზე”? იმედია, არ გაღიზიანებთ?
- დავიწყოთ აქედან, რომ გამომდინარე ჩემი იდენტობიდან, როგორიცაა “ისრაელელი”, “ებრაელი”, “სიონისტი”, არც ვალებზე საუბარი მიშლის ხელს და არც ანტისემიტური გამოხტომები. ეს ძირითადად, მეორე მხარის პრობლემაა და საზრუნავი და სწორედ ჩემი გამართული იდენტობა მიწყობს ხელს, რომ ყველაზე მეტი გავაკეთო ამ კავშირებისთვის და ასევე საქართველოსთვის, ვინაიდან საქართველო ჩემთვის, სხვებთან შედარებით, ყველაზე მეგობარი ქვეყანაა. ზოგადად, მეგობრებს შორის “ვალზე” საუბარი სასაცილოა. მე ზოგადად, არაბსაც არ ვეუბნები, რომ “ვალშია”, მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი მეგობარი ნამდვილად არ არის, 10 მილიარდ დოლარს ვიხდით მათ სოცდახმარებაში და ეს იმიტომ, რომ მოქალაქეები არიან და ისრაელში ცხოვრობენ. ებრაელები ყველა ქვეყანაში სიკეთის გამცემები იყვნენ, დიდ წვლილი შეჰქონდათ მათ განვითარებაში და განსხვავებით ზოგიერთი ერისგან, პრობლემების დროს ქვეყნიდან მიდიან და არ იწყებენ ტერიტორიების მოთხოვნას.
- რაში ხედავს თავის მისიას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა?
- ჩემი გაბედული შენიშვნები არის საშუალება და არა მიზანი. ჩემ მიერ გაბედულად საკითხზე საუბარი არის პრობლემის 90%-ის მოგვარება და სტიმული. ჩვენ გვინდა, ამ და სხვა საკითხების მოგვარება უანგაროდ. მე არ მინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ ფული გადაიხადოს სამუშაოდ. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივებით იმ საკითხებში, რაც ვიცით და ვხედავთ თანამშრომლობის პოტენციალს. მეამაყება, რომ ბოლო 35 წლის მანძილზე საკითხების 80% ჩვენ მიერაა ინიციირებული, უანგაროდ. პრეტენზიამდე ვურჩევ მხარეებს, მეორე მხარე შეისწავლონ და ვექტორი მიმართული იყოს იქით, სადაც ადეკვატურია და რეალურია. პრობლემას თვალი გავუსწოროთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ გამოსავლისკენ. მზად ვარ, ჩავერთო იმ ჯგუფებთან, ვისაც მოგვარება უნდა და არა ზღაპრების მოყოლა “უკანონობაზე”.