საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ინვესტორებზე მეტი იზრუნოს და პრობლემები ოპერატიულად მოუგვაროს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც დააანონსა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, თბილისში, საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება. „საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ კავშირებს თუ შევხედავთ, პოტენციალი 10%-მდეც არაა ათვისებული. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი თუ ორმხრივად ვიმუშავებთ. ტანგოს ცეკვას სჭირდება ორივე მხარე და თუ ვიმუშავებთ, ძალიან დიდი შედეგები შეიძლება მივიღოთ“, - თქვა იციკ მოშემ.
- რა სჭირდებათ ისრაელელ ინვესტორებს იმისთვის, რომ საქართველოში მეტი ინვესტიცია ჩადონ? ყველაზე ხშირად რა კითხვებს გისვამენ - რა აინტერესებთ საქართველოს ბიზნესკლიმატის შესახებ?
- საქართველოში არის ისრაელელი ბიზნესმენების წრე, რომლებიც უკვე საქართველოში მუშაობენ; ყველაზე მარტივია ამ ინვესტორებმა გააკეთონ რეინვესტიცია; ჩამოიყვანონ პარტნიორები და ახალი ინვესტორები თავიანთი წრიდან. ამისთვის კი, საჭიროა იმ ბიზნესმენებზე ზრუნვა, ვინც საქართველოში მუშაობს; ეს არის გასაკეთებელი.
- რამდენად უფრთხილდება და ზრუნავს საქართველო ინვესტორებზე?
- ველოდები უფრო მეტ ზრუნვას, როცა პრობლემები არის. რა თქმა უნდა, საქართველოში ბევრი რამეა დალაგებული, მოწესრიგებული საკანონმდებლო თუ ნებართვების გაცემის კუთხით, მაგრამ პრობლემების დროს ველოდები უფრო მეტ ზრუნვას ეკონომიკის სამინისტროსგან და ასევე, ბიზნესომბუდსმენისგან, ვინაიდან ბიზნესმენი, რომელიც ჩამოდის სხვა ქვეყანაში, ენა არ იცის და ხედავს, რომ მისი პრობლემა გრძელდება 2-3 წელი, ის არ გააგრძელებს ინვესტირებას და მისი მეგობარიც არ ჩამოვა საქართველოში.
- ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებიან საქართველოში ისრაელელი ინვესტორები?
- ვინაიდან უძრავი ქონების სექტორია წამყვანი, სადაც ყველაზე მეტი FDI იდება ისრაელიდან, გამოწვევებიც ამ კუთხით არის - მაგალითად, როცა იცვლება რამე კანონი, განაშენიანების ზონალური სისტემა და ა.შ. ჩემი აზრით, როცა პრობლემა იქმნება, ზრუნვა ხუთი წელი არ უნდა გრძელდებოდეს; ეს არის მიუღებელი, ვინაიდან ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ იმ ინვესტორს, არამედ მის მეგობრებს, წრეს და თუ ინვესტორი არ საუბრობს ამაზე, ეს უფრო ცუდია. მირჩევნია ეს ინვესტორი მოვიდეს ჩვენთან და მივმართო პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს...
- რამდენად ხშირად გიწევთ მიმართვა?
- თვეში ერთხელ.. ბევრჯერ პრობლემებიც გვარდება, მაგრამ არის საკითხები, რაც ვერ გვარდება.
- რა არის ის, რაც ვერ გვარდება?
- მაგალითად, ადამიანმა იყიდა ნაკვეთი, სადაც შეიძლებოდა მშენებლობა; შემდეგ მიწის ნაკვეთს შეეცვალა ზონალური სტატუსი და მშენებლობა შეიზღუდა; ვერავინ დამაჯერებს, რომ ინვესტორს შეუძლია, 7 წელი მოიცადოს, სანამ გადაწყვეტილება შეიცვლება; ეს მიუღებელია. ეს არაა შენიშვნა შენიშვნისთვის. მე მინდა, როდესაც წლის ბოლოს ჩავატარებთ ბიზნესფორუმს თბილისში, საქართველოს მთავრობამ განაცხადოს - „ჩვენ ყველა პრობლემას ვაგვარებთ, ყველა ინვესტორს შეუძლია, მოვიდეს, ვისაც პრობლემები აქვს, ჩვენი კარები ღიაა“... ხუთი პრობლემის მოგვარებას შეუძლია, დამატებით 100 მლნ შემოიტანოს საქართველოში, ეს ხომ მარტივია?! შეიძლება, ყველა პრობლემა ერთ თვეში ვერ მოგვარდეს, მაგრამ ველოდები, რომ ერთ თვეში დაიბარონ მერიაში ან ეკონომიკის სამინისტროში და მოიკითხონ, არის თუ არა პროგრესი; პრობლემების მოგვარება გააძლიერებს და გააათმაგებს ინვესტიციებს.
„მთავრობა გზას აგებს და ამ გზაზე უნდა იარონ შემდეგ ინვესტორებმა“ - ეს ფრაზა თქვენი ერთ-ერთი ძველი ინტერვიუდანაა. საქართველოს ბიზნესკლიმატს როგორ აღწერდით - გზას ჰგავს თუ უფრო ბილიკს?
- გზა არის, პოტენციალი არის, მაგრამ მეტი მუშაობაა საჭირო. აკლია მუშაობა და როცა პრობლემებია, უფრო მაღალი ხარისხით უნდა იზრუნონ მათ მოგვარებაზე. ვიცი, რამდენიმე ინვესტორის პრობლემა, რომლის მოგვარება უმარტივესია და ასეთ შემთხვევაში, ისინი ათეულობით მილიონი დოლარის დამატებით ინვესტიციას შემოიტანენ საქართველოში; თუ ყველაზე დიდი დიდი მიზანი ინვესტიციების შემოსვლაა, ინვესტორებზე ყველაზე მაღალი დონის ზრუნვა უნდა იყოს. თუ - არა, გაგრძელდება ისე, როგორც არის.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ინვესტიციების მოზიდვა არაა ყველაზე დიდი მიზანი?
- იცით, მოლოდინი, რომ ისრაელიდან დიდი ინტერესია და საქართველოში ჩამოვლენ ინვესტორები, მცდარია. საქართველოში ჩამოვა ის ინვესტორი, ვისთანაც მივალთ და ჩამოვიყვანთ; საქართველოს სჭირდება ინვესტიციები, ექსპორტი; მე ყოველთვის ვამბობ, რომ მხოლოდ ისრაელიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ყველა სფერო ამუშავდეს.
- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?
- თითქმის ყველა სფეროში ისრაელთან თანამშრომლობა და ინვესტორებზე ზრუნვა.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველო-ისრაელის ურთიერთობაში?
- ყველა სფეროში ისრაელს ხედავენ მხოლოდ ქართველი ებრაელების ქვეყნად; ქართველი ებრაელები არის ყველაზე პატარა პროცენტი ისრაელში. ისრაელი კი არის ლიდერი ქვეყანა ბევრი მიმართულებით, ამიტომ ისრაელის დანახვა ქართველი ებრაელების ქვეყნად, არის შეცდომა და ყველაზე დიდი ხელის შემშლელი საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში.