მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: ჩვენი ამოცანაა, არ გვქონდეს არც ერთი "პასიური", არააქტუალური პროგრამა

5dfd0455c47e1
BM.GE
20.12.19 21:34
789
„ეკონომიკის სამინისტროს მნიშვნელოვანი ბერკეტი გააჩნია ქართული წარმოების და მცირე ბიზნესის დახმარების მიმართულებით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სახით. აღნიშნულმა პროგრამამ საკმაოდ წარმატებულად იმუშავა 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში მიმდინარე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

ნათია თურნავას ინფორმაციით, სესხის პროცენტის სუბსიდირების მიმართულებით ფინანსური დახმარება მიიღო 464-მა ქართულმა კომპანიამ, რამაც შესაძლებელი გახადა 1 მილიარდამდე ინვესტიციის განხორციელება და 15 600-მდე სამუშაო ადგილის შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის 2019 წელს დაფინანსდა 67 ახალი საწარმო და 46 მცირე სასტუმრო. რაც შეეხება მიკრო გრანტებს, მინისტრის თქმით, ეს არის მეორე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი, რომლითაც დღემდე ისარგებლა 6 212-მა ოჯახმა, შეიქმნა 10 000-მდე სამუშაო ადგილი ყველაზე მცირე ზომის, ოჯახურ ბიზნესებში.

„ჩვენ 2020 წლის გაზაფხულიდან კვლავაც ვგეგმავთ მიკროგრანტების პროგრამის გააქტიურებას. ეს არის გზა, დავეხმაროთ მიკრო და მცირე ბიზნესს რეგიონებში, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ცალკე აღსანიშნავია მცირე საოჯახო სასტუმროების დახმარების პროგრამა, რომელიც მთავრობამ სასწრაფო წესით აამოქმედა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და მათ ყველაზე მტკივნეული პრობლემის, საბანკო სესხების პროცენტის ტვირთის შემსუბუქება შესთავაზა. ნათია თურნავას ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, ამ დახმარებით ისარგებლა 177-მა სასტუმრომ, რომლებიც განთავსებულია მთელ საქართველოში. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, განხილვაშია კიდევ ასზე მეტი განაცხადი და ეს არის 20 ნომრამდე მქონე, მცირე საოჯახო განთავსების ობიექტები აჭარაში, ახალციხეში, ადიგენში, ანაკლიაში, მესტიაში, ოზურგეთში, წყალტუბოში და სხვა - სულ 20-მდე ტურისტულად მიმზიდველ დასახლებულ პუნქტში.

„ეს კარგი შედეგია, მაგრამ არ არის საკმარისი. ჩვენ გუშინ მთვარობის სხდომაზე დავამტკიცეთ განახლებული პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც რესურსებს მიზნობრივად მივმართავთ მხოლოდ ისეთ დარგებში, რომელსაც საექსპორტო და იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს, ან დასაქმების პოტენციალი გააჩნია და სჭირდება ბიძგი სახელმწიფოსგან. მათ შორისაა კერამიკის წარმოება, საზღვაო თევზჭერა, ბალნეოლოგიური კურორტები, სასტუმროების და ტურისტული სერვისების განვითარება და სხვა მიზნობრივი სექტორები. ჩვენი ამოცანაა, გავხადოთ ეს პროდუქტები უფრო მეტად ორიენტირებული მეწარმეების საჭიროებებზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, ბიზნესის დახმარების ეს პროგრამები კიდევ უფრო ქმედითი, უფრო მეტად ორიენტირებული უნდა გახდეს მეწარმეების საჭიროებებზე.

„რადგან დღეს ერთის მხრივ გვაქვს ძალიან მოთხოვნადი დახმარების პროგრამები (მაგალითად სესხის %-ის სუბსიდირება, მიკროგრანტები) მაგრამ ასევე გვაქვს პროგრამები, რომელიც შეფერხებით მუშაობს, რადგან მათზე მოთხოვნა ბანკების და ბიზნესის მხრიდან ნაკლებია - მაგალითად საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ჩვენი და პირადად ჩემი ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჯერაც ვერ სარგებლობს სათანადო პოპულარობით. ჩვენი ამოცანაა, არ გვქონდეს არც ერთი „პასიური“, არააქტუალური პროგრამა, რომელიც არ იქნება ბიზნესის საჭიროებებზე ზედმიწევნით მორგებული. ამიტომ ვახორციელებთ ამ მექანიზმების მუდმივ დახვეწას“, -აღნიშნა მინისტრმა.