27.ივლისი .2021 20:39

თურნავა: „იუნესკოს გადაწყვეტილება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გარანტიაა“

თურნავა: „იუნესკოს გადაწყვეტილება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გარანტიაა“
views 428
უკან

„ჩვენ კვლავაც წარმოვჩინდით მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, ისტორია, ბუნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიც არის იუნესკოს მიერ საქართველოში ოთხი დაცული ტერიტორიის აღიარება, შევუქმნათ მომავალი ჩვენს ტურიზმს და შევქმნათ მისი ძალიან სწრაფი აღდგენის გარანტია“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ კოლხეთის ეროვნული პარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც UNESCO-ს კომიტეტის მიერ „საქართველოს კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაიმართა. ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და ის ლევან დავითაშვილმა გახსნა.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამთავრობო გუნდი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ იმისთვის, რომ დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა განვითარდეს. ნათია თურნავას შეფასებით, პირველ რიგში, ეს ნიშნავს სამუშაო ადგილებს იმ რეგიონებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ეროვნული პარკების მახლობლად და ქმნიან იმ გარემოს, რომლებსაც დიდი სიამოვნებით სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნების ტურისტები.

„ეს ნიშნავს ასევე ეკოტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული 10-წლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი მოიცავს სპეციალური მხარდაჭერის პროგრამებს ეკო და აგროტურიზმისთვის. ესაა გრანტებისა და სესხების სუბსიდირების პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ასეთი უნიკალური ბუნების ძეგლების ირგვლივ გააშენოს მცირე სასტუმროები, მცირე ფერმერული მეურნეობები, მცირე კვების ობიექტები, რაც ჩვენთან საერთაშორისო ვიზიტორებს მოიზიდავს,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის ოთხ დაცულ ტერიტორიას მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა - კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები, ასევე ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა