მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავას განცხადების მიუხედავად, “თბილისი ენერჯიში” ამბობენ, რომ კომერციული გაზი ძვირდება

5fdb2f234f946
ინგა მურუსიძე
17.12.20 14:10
1192
„თბილისი ენერჯი“ გადაწყვეტილებას არ ცვლის - 2021 წლის იანვრიდან ბიზნესისთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 24 თეთრით გაძვირდება. ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის თავად კომპანიაში დაუდასტურეს.

აღნიშნული კითხვა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც დღეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "თბილისი ენერჯისთან" კონსულტაციის შედეგად, მომავალი წლიდან კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირი არ გაძვირდება და ისევ 86 თეთრი დარჩება.

bm.ge-ის კითხვაზე - რითი აიხსნება ის ფაქტი, რომ მთავრობასთან კომუნიკაციის შემდეგ “თბილისი ენერჯი” ბუნებრივი აირის კომერციულ ტარიფს 24 თეთრით არ გაზრდის და არის თუ არა ეს ერთგვარი წნეხი ბიზნესზე, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ “არ შეიძლება, რომელიმე ბიზნესს თავისი გადაწყვეტილება ზეწოლით შეაცვლევინო” და განმარტა, რატომ გადაიფიქრა კომპანიამ ტარიფის გაზრდა.

„ჩვენი კონსულტაციები ასე დასრულდა. შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ ამავე დროს ხედავდეს, რომ გადახდისუნარიანობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თუკი ნებისმიერი ბიზნესი ჩახედავს შიდა რესურებს, ალბათ შეუძლია ყოველთვის გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე, ასეც მოხდა“, - განაცხადა თურნავამ.

საქმე იმაშია, “თბილისი ენერჯის” მიერ ბუნებრივი აირის გაძვირების დაანონსებამ, რასაც კომპანიას კანონი ავალდებულებს, კერძო სექტორის შეშფოთება და პროტესტი მოჰყვა. გასულ კვირას ბიზნესასოციაციებმა „თბილისი ენერჯისთან" შეხვედრაც მოითხოვეს, რადგან მათთვის "გაუგებარია ტარიფის ზრდა". 

თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტრომაც პირობა დადო, რომ "თბილისი ენერჯისთან" კონსულტაციებს გამართავდნენ. დღეს კი, ნათია თურნავამ აღნიშნული ინფორმაცია გააჟღერა, რასაც თავად გაზგამანაწილებელი კომპანია უარყოფს, თუმცა უფრო მეტად კონკრეტული განმარტების გაკეთებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს.

განახლება: დღესვე, დაახლოებით, 17:30 საათისთვის „თბილისი ენერჯიში“ bm.ge-ის ოდნავ განსხვავებული კომენტარი მისცეს. „თბილისი ენერჯი“ გიდასტურებთ, რომ მუშაობა მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე“, - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ: "თბილისი ენერჯი" კომერციული ტარიფის გაძირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებს. კომპანიის  მტკიცებით, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება.

„თბილისი ენერჯი“ განმარტავს, რატომ უძვირებს 2021 წლიდან ბიზნესს ბუნებრივ აირს 24 თეთრით - განმარტება