მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავას ინფორმაციით, "თბილისი ენერჯიმ" კომერციული გაზის ტარიფის გაძვირება გადაიფიქრა

5fdb0f8a40f9b
ინგა მურუსიძე
17.12.20 12:00
1400
„თბილისი ენერჯი“ კომერციული ობიექტებისთვის გაზის ტარიფს აღარ გაზრდის - ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

თურნავას თქმით, "თბილისი ენერჯისთან" არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა და რამდენადაც იცის, ამ ეტაპზე ტარიფი არ შეიცვლება.

bm.ge-ის კითხვაზე - რითი აიხსნება ის ფაქტი, რომ მთავრობასთან კომუნიკაციის შემდეგ “თბილისი ენერჯი” ბუნებრივი აირის კომერციულ ტარიფს 24 თეთრით არ გაზრდის და არის თუ არა ეს ერთგვარი წნეხი ბიზნესზე, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ “არ შეიძლება, რომელიმე ბიზნესს თავისი გადაწყვეტილება ზეწოლით შეაცვლევინო” და განმარტა, რატომ გადაიფიქრა კომპანიამ ტარიფის გაზრდა. 

„ჩვენი კონსულტაციები ასე დასრულდა. შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ ამავე დროს ხედავდეს, რომ გადახდისუნარიანობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თუკი ნებისმიერი ბიზნესი ჩახედავს შიდა რესურებს, ალბათ შეუძლია ყოველთვის გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე, ასეც მოხდა“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, დეკემბრის დასაწყისში კომპანია "თბილისი ენერჯიმ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 3 იანვრიდან კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 24 თეთრით გაიზრდებოდა. ტარიფის ცვლილება არ ეხებოდა პურის საწარმოებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიზნესის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, თქვა, რომ ის შეხვდებოდა კომპანიას და მოისმენდა არგუმენტაციას - რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება "თბილისი ენერჯიმ". დღეს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ კომპანიამ გაძვირება გადაიფიქრა.