თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. ამას ითვალისწინებს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ 2022 წლის 7 ივლისს გამოცემული ბრძანება, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული და მისი გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) ხელმძღვანელი, ნიკოლოზ გამყრელიძე აცხადებს, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაძვირებას ქართველი მომხმარებელი ფაქტობრივად ვერ იგრძნობს, რადგან ლირასთან მიმართებით ლარი მკვეთრად გამყარებულია. როგორც მან “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი წლის ბოლოსთვის გაიზრდება.
“ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ 4 თვეში დაახლოებით 80 ათასმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროექტით. მათ დაახლოებით 20 მლნ ლარი დაზოგეს. ამიტომ, ეს უკვე ხელშესახებია და რიცხვები ამაზე მეტყველებს. რაც შეეხება მედიკამენტების გაძვირებას, ლირაში ფასის გაძვირება ლირის რეკორდული გაუფასურებითაა განპირობებული. ასევე, თურქეთში ინფლაცია მაღალია და თურქეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.
ამ გაძვირების ეფექტი არამატერიალური იქნება და პროექტის წარმატებას ჩრდილს ვერ მიაყენებს, რამდენიმე მიზეზით: თურქეთისა დასაქართველოს ფასები განსხვავდება. იქ მედიკამენტების პირდაპირი გაძვირება შესასყიდ ფასს მნიშვნელოვნად არ გაზრდის. ამასთან, თურქული ლირა გაუფასურდა ჩვენს ვალუტასთან მიმართებითაც. კერძოდ, ბოლო სამ თვეში ლარი ლირასთან დაახლოებით 25%-ით არის გამყარებული. ეს ნიშნავს, რომ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი გაიფდა. ანუ ლარში დენომინირებული გაყიდვის ფასი პრაქტიკულად უცვლელი დარჩება”,-აცხადებს გამყრელიძე.