მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ელჩი ექსპორტის გაზრდაზე: საქართველო ამ კუთხით უნდა იყოს უფრო "აგრესიული"

601e921c152ae
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 20:00
938
როგორ შეიძლება გაზარდოს საქართველომ თურქეთში ექსპორტის მოცულობა? – bm.ge-ს ამ კითხვაზე პასუხისას თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იყოს უფრო „აგრესიული“.

მისი თქმით, ეს არ უნდა იყოს მთავრობაზე დამოკიდებული, ეს ბიზნესზეა დამოკიდებული.

„მე რომ ვყოფილიყავი ქართველი ბიზნესმენი, ვნახავდი რის იმპორტს ახორციელებს თურქეთი და რისი გაყიდვა შეუძლია საქართველოს. ეს მთავარი კითხვაა. ჩვენ ვიცი ერთი გზა, რითიც შეგვიძლია საქართველოს დახმარება. არა მხოლოდ თურქეთში ექსპორტში, არამედ ზოგადად ექსპორტის გაზრდაში. ეს სტრუქტურული საკითხია. როგორ დაგეხმაროთ რომ განავითაროთ ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები. ვინაიდან ჩვენ ეს ვისწავლეთ. თურქეთმა ექსპორტი ისწავლა 1990-იანი წლების შემდეგ. ჩვენი ეკონომიკის ფორმა შეიცვალა. ჩვენ ამას დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მუშაობს ამ საკითხზე თურქ კოლეგებთან კონკრეტული სექტორების გახსნასთან დაკავშირებით.

„ვიმედოვნებ, რომ გვექნება ამ კუთხით სიახლეები. ეს არ არის მხოლოდ თაფლი და ხორცი. კიდევ რა? თქვენ უნდა გაიტანოთ ექსპორტზე პროდუქცია, ვინაიდან თქვენი შიდა ბაზარი ყოველთვის იქნება მცირე ზომის. მე ამ საკითხზე თურქეთის ექსპორტის ასოციაციებთან ვმუშაობ, ისინიც მოხარულები არიან რომ ამაზე იმუშავონ“, - აღნიშნა თურქმა დიპლომატმა.

ცნობისთვის, თურქეთ-საქართველოს ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს შორის საკმაოდ დიდი დისბალანსია. მაგალითად, მაშინ როდესაც 2019 წელს თურქეთიდან იმპორტის მოცულობამ მილიარდ 616,9 მლნ დოლარი შეადგინა, საქართველოდან ექსპორტი მხოლოდ 202,3 მლნ დოლარის ოდენობის იყო. ხოლო 2020 წელს ექსპორტმა 190,5 მლნ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი მილიარდ 406,9 მლნ დოლარი.