მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში მაღალია ფალსიფიცირებული წამლების მიმოქცევა - რა რისკებს ხედავენ ფარმაკომპანიები თურქეთის „გახსნაში“?

61dd5b60ea401
ელენე გოგბერაშვილი
11.01.22 22:15
4780
„ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, რომ თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს მედიკამენტებს“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე წლის პირველ მთავრობის სხდომაზე გააკეთა, თუმცა რა პრინციპით შემოვა თურქეთიდან ქართულ ბაზარზე იაფი მედიკამენტები, ამაზე ირაკლი ღარიბაშვილს არ უსაუბრია.

სპეციალისტების შეფასებით, სავარაუდოდ, მთავრობა თურქეთის იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეყვანას აპირებს, საიდანაც მედიკამენტები ქართულ ბაზარზე ე.წ პარალელური იმპორტის გზით შემოდის. როგორც საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, თავის დროზე თურქეთი აღნიშნული ქვეყნების ჩამონათვალში იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა ფალსიფიკაციის მხრივ მაღალრისკიანად ითვლება.

მარგველაშვილი ხელისუფლებას, თურქეთის არა მიღწეული შედეგების გადმოღებას, არამედ სისტემური მიდგომისა და გამოცდილების გაზიარებას ურჩევს.

იმ შემთხვევაში თუ ქართულ ბაზარზე მედიკამენტები ხარისხის მკაცრი კონტროლის გარეშე დაუშვეს, ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ეს ქვეყნიდან საერთაშორისო კომპანიების გადინებას გამოიწვევს.

"რის ხარჯზეა წამლებზე ფასი დაბალი თურქეთში? პირველი კომპონენტი რაც არის, თურქეთში სახელმწიფოს ჩარევა ფინანსურად არის ძალიან დიდი. სახელმწიფო აფინანსებს არამარტო მედიკამენტების დიდ ნაწილს, ასევე სახელმწიფო ახდენს კურსთაშორისი სხვაობის დაფარვას ანუ მთავრობამ დააფიქსირა კურსი და განსხვავებას კომპანიებს უხდის სახელმწიფო.

ხდება ფასთა რეგულაცია, მედიკამენტის ღირებულებიდან გამომდინარე სხვადასხვა ფასნამატია, შემოღებულია ბრენდულ და ჯენერიკულ მედიკამენტებს შორის ფასთა სხვაობა, გამოყენებულია რეფერენტული ფასები და ეს გვაძლევს იმას, რომ თურქეთმა მიაღწია დაბალ ფასს მედიკამენტებზე. ამას ემატება ისიც, რომ თურქეთში ძალიან ძლიერია ადგილობრივი წარმოება. თუ ჩვენ გვინდა საქართველოში თურქეთის მსგავსი ფასებს მივაღწიოთ, უპრიანია სისტემის ნაწილი მაინც შემოვიღოთ. ყველაზე მარტივით დავიწყოთ - ფასთა რეგულაციით. ერთ-ერთი ინსტრუმენტი ესაა.

რა რისკია თურქეთის შეტანა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც პარალელური იმპორტი ხდება? ეს ინსპირაცია იქნება, რომ იმპორტიორების ნაწილი დაიწყებს თურქეთიდან წამლების შემოტანას მეტი რაოდენობით. იმ წამლების, რომელიც დაფინანსებულია თურქეთის მთავრობის მიერ. ჩვენ ნელ-ნელა მივებმებით თურქეთის ბაზარს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გაჩერდება, რადგან მთავრობას არ ექნება სურვილი სხვა ქვეყნის მოსახლეობა დააფინანსოს. ამ პერიოდში ასევე გაჩნდება რისკი, რომ როცა გადავერთვებით თურქეთზე, ის კომპანიები, რომლებიც არიან წარმოდგენილები საქართველოში, დაკარგავენ ინტერესს ჩვენი ბაზრის მიმართ. ტენდენციაა უკვე ისეთი, რომ ბევრმა უკვე დატოვა სხვადასხვა მიზეზით საქართველო. ვფიქრობ, პირიქით, უნდა ვეცადოთ მეტი კომპანია იყოს წარმოდგენილი და მეტი კონკურენცია გაჩნდეს.

რა უნდა ვქნათ? თურქეთის მოდელი შევისწავლოთ და ვისაუბროთ, რა მოდელი გადმოვიღოთ, ანუ არა შედეგით ვისარგებლოთ, არამედ გამოვიყენოთ გამოცდილება და მექანიზმები. მხოლოდ შედეგის გამოყენება არ იქნება გრძელვადიანი“, - აცხადებს მარგველაშვილი.