09.ივლისი .2020 00:00

თურქი ინვესტორი: გადავწყვიტეთ სადაზღვევო კომპანია დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად გვეყიდა

views 2258
უკან

გადავწყვიტეთ სადაზღვევო კომპანია „კამარა“ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად გვეყიდა, – ამის შესახებ თურქმა ინვესტორმა და METRO HOLDING-ის დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ქუმსიშვილთან ერთად შემუშავებული პროექტის მიხედვით, პირველ სამ წელიწადში კომპანია პირველ ხუთეულში უნდა შეიყვანოს.

„ჩვენი ჯგუფის ძირითადი საქმიანობა სადაზღვევო მიმართულება არ არის, მაგრამ თურქეთიდან მეგობრებმა შეგვატყობინეს, რომ ასეთი კომპანია იყიდებოდა. რადგან ჩვენი მიმართულება სადაზღვევო ბიზნესი არ არის, გვჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგებოდა, გაუძღვებოდა და განავითარებდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ეს კომპანია დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად გვეყიდა. წარუმატებლობა არ გვიყვარს, ქვეყანაში სულ 17 სადაზღვევო კომპანიაა, და „კამარა“ მე–17 ადგილზე იმყოფება. ასეთი კომპანია ვიყიდეთ“, – აღნიშნა გალიფ ოზღურქმა.

აჭარაში უმსხვილესი თურქი ინვესტორი ამბობს, რომ ის ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან ერთად არ აპირებს სადაზღვევო ბიზნესზე გაჩერებას.

„დიმიტრი ქუმსიშვილს ვიცნობ სახელმწიფო მოხელეობის პერიოდიდან, ვიცნობ მის მიერ გაწეულ სამსახურს... ჩვენ მასთან ერთად ჯერ კარგად ვერგანვითარებული კაპიტალ-ბაზრის განვითარებასაც ვაპირებთ და აქაც ქუმსიშვილის ჩართვას ვგეგმავთ. ეს იქნება ახალი ნაბიჯები. ვაპირებთ საბროკერო კომპანიის ყიდვას და თურქეთის გამოცდილების გადმოტანას. ჯერ არ არის შესყიდვის ოპერაციები დასრულებული და ვერ გავაჟღერებ მის სახელს, თუმცა ამ თვეში ეს დასრულდება და გაგაგებინებთ“, – აღნიშნა თურქმა ინვესტორმა.

შეგახსენებთ, სადაზღვევო კომპანია "კამარა“ გალიფ ოზთურქმა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის კუთვნილმა შპს-მ "ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ მიმდინარე წლის დასაწყისში შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა