ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდება შეიზღუდა. თუმცა მიზეზები განცხადებაში განმარტებული არ არის.
"გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავაშირებული საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებისთანავე, ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა გამოიყენეს შესაძლებლობა და მყისიერად ჩაერთვნენ თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების იმპორტის პროცესში. ასევე, ასოციაციის სახელით მასმედიაში არაერთი ინფორმაცია იქნა მიწოდებული მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ქსელებმა დაიწყეს აღნიშნული ბაზრიდან იმპორტის განხორციელება და ქვეყნის მასშტაბით მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში რეალიზაცია. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის თაობაზე წინადადება ჩვენი სექტორის წარმომადგენლებისგან გაჟღერდა, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიყოთ ობიექტურები და არ გვსურს, მოსახლეობისთვის მიწოდებული ინფორმაცია გახდეს სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის ინტერპრეტაციის საშუალება.
მსგავსი რეჟიმით ახალი ბაზრების გახსნას, დიდ მოლოდინებთან ერთად, ასევე ახლავს თანმდევი გამოწვევები, რაც გამოიხატება უწყვეტი მიწოდების პირობებისა და ჯაჭვის გამართვაში. ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ შეიქმნა გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.
მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ არის დამოკიდებული ადგილობრივ კომპანიებზე. სწორედ ამიტომ ინფორმაციას ვაჟღერებთ ჩვენ, პირველი წყარო, უშუალოდ ის მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესს. აქვე, კიდევ ერთხელ, მივმართავთ შესაბამის მარეგულირებელს, ინსტიტუტებს, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებული ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული მათი მხრიდან სექტორის უმიზეზო ბრალდებისთვის, როგორიცაა საბოტაჟი თუ ხელოვნური დეფიციტის შექმნა, რასაც სამწუხაროდ მრავალჯერ ჰქონდა ადგილი.
ამასთანავე, უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ “ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაში ჩართული პირების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტის მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 თებერვალის №9/ნ ბრძანების თანახმად, კომპანიებს დაუწესდათ ვალდებულება ინფორმაციის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაზიარების თაობაზე, მაგრამ სექტორისთვის არ იყო შემუშავებილი და შეთავაზებული უნივერსალური პროგრამა (მაგ.: როგორიცაა RS). მიუხედავად ბიზნესის დაჟინებული მოთხოვნისა და მცდელობისა, რომ მოხდეს გონივრულ ვადებში და სწორი მეთოდით პროექტის გაშვება, მაკონტროლებლის მხრიდან არაა უზრუნველყოფილი სათანადოდ უნივერსალური ტექნიკური ბაზა ამ პროცესების გამართულად ასამუშავებლად. რეალურად არსებული პრობლემების იგნორირებით ხდება მეწარმეებისთვის გამაფრთხილებელი ოქმების გამოწერა, რაც უკვე საჯარიმო სანქციების წინაპირობაა. სამწუხაროდ, მარეგულირებელი უკვე იღებს დამსჯელობითი ორგანოს ფორმას, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის პირდაპირი ზიანის მიღების პირობა გახდება.
ასოციაციის წევრი კომპანიები მაქსიმალურად გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველანაირ მექანიზმს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უწყვეტად უზრუნველყოფა და კვალიფიციური მომსახურეობის გაწევა“, - აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.
bm.ge აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან ელოდება გამოხმაურებას.