რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2 აღმოჩნდა. საბრძოლო დრონი რუსული შეიარაღებული ძალებისა და საბჭოური ტექნიკის კოშმარად მალევე იქცა, რაც Bayraktar-ის ტექნოლოგიური უპირატესობითა და ლეტალურობით იყო განპირობებული.
ამერიკულმა Forbes-მა Bayraktar-ს ომის ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო აქტივი უწოდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ იარაღის შესაძლებლობებს.
წარმატებული სამხედრო აპარატის მიღმა 1984 წელს დაფუძნებული კომპანია Baykar Technologies და ინოვატორი ინჟინერი სელჩუკ ბაირაქტარი დგას.
თურქეთში სამხედრო-ტექნოლოგიური კომპანიის დაფუძნება კი უშუალოდ სელჩუკის მამას, ოზდემირ ბაირაქტარს უკავშირდება, რომელიც გამორჩეული აეროინჟინერი და მეწარმე იყო. აწ უკვე გარდაცვლილმა ოზდემირმა 39 წლის წინ გააცნობიერა, რომ საჰაერო ბრძოლების მომავალი უპილოტო საფრენი აპარატების იქნებოდა. სწორედ ამ იდეით შთაგონებულმა ინჟინერმა გადაწყვიტა, რომ უაღრესად მაღალტექნოლოგიური სამხედრო იარაღის წარმოება მაშინ ჯერ კიდევ ეკონომიკურად განუვითარებელ და პოლიტიკურად არასტაბილურ თურქეთში დაეწყო.
Baykar-ის პირველ პროდუქტებს რთულია წარმატებული ვუწოდოთ, თუმცა TB2, რომლის შექმნაზეც სელჩუკ ბაირაქტარი მუშაობდა, ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ იარაღად და თურქული ინჟინერიის მწვერვალად.
რაც შეეხება, უშუალოდ სელჩუკ ბაირაქტარს, ის მსოფლიოს #1 უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის დოქტორია უპილოტო საფრენი აპარატების ინჟინერიის მიმართულებით. გარდა ამისა, ის პრეზიდენტ ერდოღანის სიძეცაა, თუმცა Baykar-ის წარმატება არა ნათესაური კავშირებით, არამედ ტექნოლოგიური უპირატესობით არის განპირობებული.
უმოკლეს პერიოდში, თურქულმა დრონების მწარმოებელმა კომპანიამ ფასით, ხარისხითა და ლეტალურობით კონკურენციის გაწევა პლანეტის უმსხვილეს სამხედრო კომპანიებთან შეძლო, სწორედ ამიტომ Baykar Bayraktar-ი ჭეშმარიტი #ტექლიდერია.