მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ლირა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა

649553f0678e9
გიორგი თოლორდავა
23.06.23 12:19
9374
თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულ გაუფასურებას ისევ განაგრძობს. დღეს ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 25 ლირას მიაღწია, რაც გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია. ერთწლიან პერიოდში თურქული ვალუტა თითქმის 30%-ითაა გაუფასურებული, ხუთ წელიწადში კი ვარდნის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. ვალუტის კურსის მიხედვით, მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის თურქეთს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი არჩევნებში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამარჯვებაა.

სწორედ გუშინ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან პირდაპირ 15%-მდე გაიზარდა. მსგავსი გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს თავისი არსებობის ისტორიაში არასოდეს მიუღია. განაკვეთის ზრდა პირდაპირ კავშირშია სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე თურქეთში ამჟამად 40%-ს შეადგენს, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, რეალური ინფლაციის დონე 200%-ის ფარგლებშია. 

უნდა აღინიშნოს, რომ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთის ცენტრალურ ბანკს ახალი ხელმძღვანელი ჰაფიზ ერქანი ჰყავს, რომელიც ტრადიციული ეკონომიკური პოლიტიკის მიმდევარია და არც „ერდოღანიზმის“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის გარდა, ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც შეცვალა. ამ პოზიციაზე ცნობილი ეკონომისტი, მეჰმეთ შიმშეკი დაინიშნა, რომელიც 2009-დან 2015 წლამდე ფინანსთა მინისტრი იყო, 2015-დან 2018 წლამდე კი - თურქეთის ვიცე-პრემიერი. 56 წლის შიმშეკი გლობალური ინვესტორებისათვის კარგად ცნობილი პიროვნებაა, რომელსაც სიმკაცრე და სტაბილურობა გამოარჩევს.

შიმშეკთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის კლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევარია და არც „ერდოღანიზმის“ თეორიის, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი უკვე წლებია ახორციელებს. შიმშეკის აზრით, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ინფლაციის დონის გაკონტროლება ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უნდა გამოიყენოს.

ერდოღანის შეფასებით, ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ინფლაციურ წნეხს ამწვავებს, რასაც, ცხადია, კლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევრები არ ეთანხმებიან. „ერდოღანიზმის“ თეორიის წყალობით, გასულ წელს თურქეთში ინფლაციის ოფიციალურმა დონემ 90%-იან ნიშნულს მიაღწია, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით კი, რეალური ინფლაცია თურქეთში 200%-ის ფარგლებში იყო.

შიმშეკის და ერქანის დანიშვნა ინვესტორებისთვის იმის მაუწყებელია, რომ შესაძლოა თურქეთი ტრადიციულ ეკონომიკურ წყობას დაუბრუნდეს და ერდოღანმა თავისი ექსპერიმენტი დაასრულოს. თავის მხრივ, ეს მოვლენა მისასალმებელია, თუმცა ეს ცვლილება გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, კერძოდ, მკვეთრად გამკაცრებული პოლიტიკა ქვეყანაში ფინანსურ მდგომარეობას გაამწვავებს, მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე კი, არ არის გამორიცხული, ერდოღანი ისევ პოპულისტურ სტრატეგიას დაუბრუნდეს და საპროცენტო განაკვეთები თითქმის გაანულოს. მსგავსი ტიპის მაკროეკონომიკური რისკი გლობალური ინვესტორებისთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომაც თურქული ლირა ფაქტობრივად ყოველდღიურად განაგრძობს ახალი ანტირეკორდის დამყარებას.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები