მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქცია ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება

602548eedc016
BM.GE
11.02.21 19:08
5167
საქართველოში დამზადებული პროდუქცია, რომლის წარმოებისთვისაც თურქული ნედლეული გამოიყენება, ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება. შესაბამისი დოკუმენტის რატიფიკაცია თურქეთის პარლამენტმა 10 თებერვალს მოახდინა - ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

შესაბამისად, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამიერიდან გავრცელდება არამხოლოდ იმ პროდუქციაზე, რომელიც სრულად ქართული ან ევროპული ნედლეულით არის წარმოებული, არამედ იმ პროდუქტზეც, რომლის დასამზადებლადაც თურქული ნედლეულია გამოყენებული. 

როგორც საელჩო აღნიშნავს, ხსენებული შეთანხმება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი და რომლის მიხედვითაც, მოგებული დარჩება როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ბიზნესი. ამასთან, მათივე თქმით, შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

"2021 წლის 10 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მოახდინა “თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ" თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2016 გადაწყვეტილების რატიფიცირება, რაც დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.

ზემოაღნიშნული დოკუმენტით, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.