მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ის შესაძენად ილონ მასკმა $8.4 მილიარდის ღირებულების Tesla-ს აქციები გაყიდა

626e471fa7012
გიორგი თოლორდავა
01.05.22 12:52
1038
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა მიმდინარე კვირას Tesla-ს 8.4 მლრდ დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.

საფონდო ბირჟების და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, მასკმა ბირჟაზე გასაყიდად დაახლოებით 9.5 მლნ ერთეული აქცია გაიტანა.

კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლობას და თავად მილიარდერ მეწარმეს არ განუმარტავთ, თუ რა იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Tesla-ს აქციების გაყიდვით მიღებულ თანხას მასკი Twitter-ის შესაძენად გამოიყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, მას სოციალური ქსელის შესაძენად საჭირო - 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით საბანკო ანგარიშზე არ აქვს - მისი ქონების უდიდესი ნაწილი კომპანიებშია ინვესტირებული, მათ შორის, Tesla-ში. შესაბამისად, აქციების გაყიდვის მიზანი თანხის განაღდება და მისი Twitter-ის შესაძენად გამოყენებაა.

გარდა აქციების გაყიდვისა, ილონ მასკმა თანხის მოსაზიდად უოლ-სტრიტის ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ბანკს, Morgan Stanley-საც მიმართა, რომელიც მასკს 25.5 მილიარდი დოლარის მოპოვებაში დაეხმარა, საიდანაც 12.5 მილიარდი დოლარი პირდაპირი საბანკო სესხია, რომელიც Tesla-ს აქციებითაა დაზღვეული.

ილონ მასკის განცხადებით, უახლოეს მომავალში Tesla-ს აქციების დამატებით გაყიდვა არ არის დაგეგმილი. მარეგულირებელ კომისიას კი პარასკევის შემდეგ მასკის მიერ ბირჟაზე აქციების გამოტანის შესახებ ახალი განაცხადი არ მიუღია.