მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულში მეშახტემ ვენები გადაიჭრა - რა განმარტებას აკეთებს "საქნახშირი"

5f16d950b5f8e
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.20 16:03
1634
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „საქნახშირის“ ერთ-ერთმა მეშახტემ კომპანიის დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. აღნიშნული bm.ge-ის მეტალურგთა და მეშახტე-მაღაროელთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა თამაზ დოლაბერიძემაც დაუდასტურა. „შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მეშახტემ ვენები გადაიჭრა და ახლა გადაყვანილია საავადმყოფოში", - განაცხადა მან.

ინციდენტთან დაკვშირებით, BM.GE „საქნახშირის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა. გვანცა დელიბაშვილი მომხდარ ფაქტს არ უარყოფს, მაგრამ ირწმუნება, რომ "65 წელს გადაცილებულმა მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები კი არ გადაიჭრა, არამედ ხელი გაიკაწრა". 

კომპანიის წარმომადგენელი იმ მდგომარეობის შესახებ ყვება, რაც დღევანდელ შემთხვევას წინ უძღოდა:

„ეს ადამიანი, რომელიც არის 65 წელს გადაცილებული, საჭიროებდა სამედიცინო შემოწმების გავლას ასაკიდან გამომდინარე, რათა მომხდარიყო იმის განსაზღვრა შეძლებდა თუ არა ის შახტში მოპოვებითი სამუშაობზე მუშაობას. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ქრონიკული ბრონქიტი და მისი შახტში ჩასვლა არ შეიძლებოდა. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ეს ადამიანი შახტში არ ჩაეშვა მისივე უსაფრთხოებისთვის, მაგრამ არც მისი სამსახურიდან გაშვება გვინდოდა, ამიტომ შევთავაზეთ ალტერნატიული მიწისზედა სამუშაობი. გავაცანით ჩვენი შეთავაზება, სადაც ხელფასი მცირედით შემცირებული იყო, რაც გააპროტესტა. ამასთან, მას ჰქონდა მოთხოვნა, რომ ემუშავა ძიძიგურის შახტზე და არა მინდელზე, რაზეც კომპანიის პასუხი იყო ის, რომ ამ საკითხის მოგვარება სექტემბრიდან ახალი საშტატო ერთეულების შექმნით შეძლებდნენ. აღსანიშნავია, რომ მეშახტეს ხელფასი დროებით სექტემბრამდე შეუმცირდებოდა“, - ყვება გვანცა დელიბაშვილი.

მისი თქმით, შეთანხმება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გუშინ შედგა, რაც მეშახტემ ხელმოწერითაც დაადასტურა.

„საერთო ჯამში, შეთანხმება შედგა. მეშახტემ ხელიც მოაწერა დოკუმენტს. ყველა დოკუმენტი გადავეცით პოლიციას. ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი მოგვარდა, თუმცა დღეს ამ ადამიანმა ვენები კი არ გადაიჭრა, ხელზე მიიყენა ნაკაწრი, რომელსაც ნაკერიც არ დასჭირვებია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია და ის სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

კითხვაზე - რა დამატებითი მოთხოვნები ჰქონდა მეშახტეს დღეს, რამაც მას თვითდაზიანების გადაწყვეტილება მიაღებინა, გვანცა დელიბაშვილი ამბობს, რომ დამატებითი მოთხოვნის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ, მაგრამ სავარაუდოდ, ხელფასის შემცირების გამო მეშახტეს პოზიციის შეცვლა არ უნდოდა.

აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ალტერნატიული სამუშაო პოზიციის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას პროფკავშირების წარმომადგენელიც ადასტურებს:

"ეს ადამიანი მუშაობს ნახშირის მოპოვებაზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლმები აქვს, კომპანიამ  ჯანმრთელობის ცნობის მიტანა მოსთხოვა. იმის მიუხედავად, რომ ეს ადამიანი არ არის გაერთიანებული პროფკავშირში, ჩვენი წარმომადგენელი დაეხმარა, წაყვა ქუთაისში და ააღებინა ცნობა იმის შესახებ, რომ მას სხვადასხვა ტიპის პათოლოგიები აქვს. ამის შემდეგ კომპანიას ვთხოვეთ, არ გაეშვა სამსახურიდან და შეეთავაზებინა მსუბუქი სამუშაო, რაც კომპანიამ გააკეთა და შესთავაზეს ზედაპირულ კომპლექსზე მუშაობა. რამდენადაც ვიცი, გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დღეს რატომ მოხდა ასეთი ფაქტი, არ ვიცი“, - განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები