მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავენ

5de10e7c475d0
BM.GE
29.11.19 16:25
3136
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია ღია წერილით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს და მას წარმოებული პროდუქციის მარკირების წესში ცვლილებების განხორციელებას სთხოვს.

გთავაზობთ მწარმოებლების მიმართვის სრულ ტექსტს:

„ბატონო პრემიერო,

თქვენი ბიზნესომბუდსმენობის დროს გვახსოვს, თუ როგორი ეფექტური იყავით ბიზნეს-სექტორის პრობლემების მოგვარებისა თუ ინტერესების დაცვის საკითხში. თქვენი მეშვეობით შევძელით ხმა მიგვეწვდინა მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის და ნაწილობრივ დაგვერწმუნებინა, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ინსტიტუტი არ იყო განპირობებული ჩვენს ქვეყანაში არსებული რაიმე ობიექტური აუცილებლობით (მაგალითად, ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემით) და აქედან გამომდინარე, არ უნდა გამხდარიყო კერძო მეწარმეების ფინანსური ტვირთი. სხვა შემთხვევაში ეს გამოიწვევდა უალკოჰოლო სასმელებზე ფასების გარდაუვალ გაძვირებას, რაც დიდი პრობლემა იქნებოდა როგორც მოსახლეობისთვის, ფასების ზრდის გამო, აგრეთვე ბიზნესისთვისაც - გაყიდვების მნიშვნელოვანი შემცირების კუთხით, და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკისთვის. ისიც გასაგებია, რომ ფასების ზრდა ერთ სექტორში ხშირად მხოლოდ ამ სექტორზე არ ლოკალიზდება და ბიძგს აძლევს საერთო ინფლაციურ პროცესებს.

დღესდღეობით სიტუაცია არ შეცვლილა. ვდგავართ იმავე რისკების წინაშე. განსხვავება ისაა, რომ ახლა ზუსტად არის ცნობილი, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემა, რომელზეც აპელირებდნენ მარკირების ინსტიტუტის მხარდამჭერები, არ აღმოჩნდა მართალი. არავითარი აღურიცხავი პროდუქცია არ არსებობს და არც არასდროს ყოფილა. არარსებული პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო იხდის ამჟამად რამდენიმე მილიონ ლარს წელიწადში. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ასე არ ყოფილიყო. საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი ვიდავეთ. ამდენად, ჩვენ, ბიზნეს-სექტორი, ვალმოხდილი ვართ ქვეყნის წინაშე. სახელმწიფოს კი, თუ მან ვერ გააცნობიერა ამ ინსტიტუტის უსარგებლობა, შემაფერხებელი ეფექტი და ხარჯიანობა, შეუძლია გააგრძელოს მარკირება. თუმცა ბიზნეს-სექტორს ნუ გვაიძულებს ვიკისროთ მარკირების საკმაოდ მძიმე ხარჯი. უალკოჰოლო სასმელების ისედაც დაბალმარჟიანი სფერო ამ ხარჯს ვერაფრით გაუძლებს ფასების გაძვირების გარეშე, რასაც ზემოთ აღწერილი ნეგატიური შედეგები დომინოს პრინციპით შეიძლება მიჰყვეს.

ფინანსთა მინისტრის #996 ბრძანების (გადასახადების ადმინისტრირების შესახებ) გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული იყო, რომ 2019 წლის ბოლომდე მარკირების საფასურს გადაიხდიდა სსიპ შემოსავლების სამსახური. მანამდეც, უკვე მერამდენე წელია, ხორციელდება თითო ან ორი წლით ამ საკითხის გადავადება. შინაარსობრივად ყველას გვესმის და თქვენც გვეთანხმებოდით, რომ მარკირების ხარჯი არ უნდა იყოს ბიზნესის ფინანსური ტვირთი. მართებულად მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე და ყოველ ჯერზე არ მოგვიწიოს მასზე მსჯელობა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსიდან ამოღებულ უნდა იქნას ჩანაწერი (მუხ.1921.3) იმის შესახებ, რომ "გადაიხდევინება მარკირების ნომინალური ღირებულება" (მეწარმე სუბიექტების მიერ). დარგის ეკონომიკური სტაბილურობისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.

თქვენ, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ამასთანავე, საკითხის ზედმიწევნით კარგად მცოდნე ადამიანს, გაქვთ სრული შესაძლებლობა, ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრათ.

პატივისცემით,

„უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია"

შეგახსენებთ, რომ უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია, რომელშიც დარგის ყველა მსხვილი მწარმოებელია გაერთიანებული („კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", "აიდიეს ბორჯომი საქართველო", სს „წყალი მარგებელი" /ნაბეღლავი/, კომპანია “ნატახტარი“ და სხვ.), წლების მანძილზე არწმუნებდა ხელისუფლებას, რომ წყლის და სხვა უალკოჰოლო სასმელების აქციზის ანალოგიური წესით მარკირება არაოპტიმალური გადაწყვეტილებაა და გაუმართლებელ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, რისი რესურსიც ისედაც მცირემარჟიან ბიზნეს-სექტორს არ გააჩნია. საპასუხოდ სექტორმა მიიღო დაპირება, რომ მარკირების ხარჯი ბიზნესის ტვირთი არ იქნება, თუმცა აღნიშნული დაპირების რეალიზება დღემდე ხდებოდა დროებითი (გარდამავალი) ღონისძიებების სახით, რაც - ასოციაციის წევრების აზრით - საკმარისად სტაბილურ გარემოს ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე და განვითარების გრძელვადიანი პროგნოზირების დამაბრკოლებელი ფაქტორია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები