მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უახლოეს მომავალში ნავთობის ფასები გაიზრდება

6051a06e557b9
ეგნატე შამუგია
18.03.21 09:00
1880
განსხვავებით წინა ორი თვისა, მარტში ნავთობის ბაზარზე მოლოდინები გაუმჯობესებულია. თუკი წინა პერიოდის პროგნოზით თებერვალში ერთ ბარელ ბრენტის ტიპის ნავთობზე საშუალო ფასი 56.0 დოლარით იყო პროგნოზირებული, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, გასულ თვეს საშუალო ფასმა 62.3 დოლარი შეადგინა, რაც იანვართან შედარებით 7.5 დოლარით უფრო ძვირია, თუმცა ამ პერიოდში დღიური მოხმარების საშუალო მაჩვენებელი პროგნოზთან შედარებით 0.8 მლნ ბარელით ნაკლები იყო, მაგრამ იანვარის მოხმარებასთან შედარებით, თებერვალში ეს მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 2.2 მლნ ბარელითაა გაზრდილი. უპირველესად, ნავთობზე ფასების ზრდა ამ უკანასკნელის მოპოვების შემცირებითა და თებერვალში მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო ტეხასში ნავთობგადამუშავების პროცესის შეფერხებითაა გამოწვეული.
 
ამ პერიოდში, ფასების კუთხით, მარტის პროგნოზები, წინა პერიოდის პროგნოზებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია; თუკი თებერვლის პროგნოზით მარტში ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 56.0 დოლარით იყო ნავარაუდევი, ამ ეტაპზე საპროგნოზო ფასი საშუალოდ 67.0 დოლარია, თუმცა მოხმარების მხრივ პროგნოზი, დღეში საშუალოდ 0.6 მლნ ბარელითაა შემცირებული, რაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების მიერ მიწოდების შემცირებული დონის შენარჩუნებითაა განპირობებული, მაგრამ შემცირებული დონის შენარჩუნება დროებითია. მაისიდან მიწოდების ზრდაა მოსალოდნელი, რადგან საუდის არაბეთი ასრულებს ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობით შემცირების პერიოდს. ნავთობის ბაზარზე გაუმჯობესებული მდგომარეობა კი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონზე დადებითად აისახება, რადგან რეგიონის უმსხვილესი ეკონომიკები ნავთობექსპორტიორი ქვეყნებია. მათთან კი საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გააჩნია. პირველ რიგში, ასეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები - რუსეთი და აზერბაიჯანია. რეგიონის ეკონომიკებს ნავთობის ბაზრის შოკები სწორედ საგარეო ვაჭრობის არხიდან გადაეცემა, რადგან მათ შორის საქონელი და მომსახურების გაცვლა მჭიდროდ მიმდინარეობს.

ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე წელს ნავთობის საშუალო დღიური მოხმარება 97.5 მლნ ბარელი იქნება, რაც თებერვლის პროგნოზთან შედარებით 0.2 მლნ ბარელითაა შემცირებული, ხოლო ბრენტის ტიპის ნავთობზე საშუალო ფასი 60.6 დოლარითაა ნავარაუდევი, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 7.4 დოლარით აღემატება. მარტში არსებული პროგნოზებით ნავთობის ფასები წლის მეორე ნახევარში საშუალოდ 58.0 დოლარამდე შემცირდება, რაც პირველ რიგში, ნავთობის მოპოვების ზრდის მოლოდინებითაა განპირობებული. საერთო ჯამში, არსებული პროგნოზებით, მიმდინარე წელს, 2020 წელთან შედარებით, ბარელზე საშუალო ფასი 45.2%-ით გაიზრდება, ხოლო ნავთობის საშუალო დღიურ მოხმარების 5.8%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ამდენად, მიმდინარე წელს ნავთობზე მოთხოვნის პანდემიამდელ დონეზე დაბრუნება ნაკლებადაა მოსალოდნელი. აღნიშნული კი ეკონომიკის აღდგენაზეა დამოკიდებული, რომელიც, თავის მხრივ, სრულად ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას უკავშირდება. შესაბამისად, ეკონომიკაში არსებული მაღალი განუსაზღვრელობა ნავთობის ბაზარზეც აისახება. თუკი ხელოვნური იმუნიზაციის პროცესი დაჩქარდება და ვაქცინაციის გეოგრაფიული დაფარვა უფრო ფართო იქნება, მით უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდება გლობალური მოთხოვნა, რაც ნავთობის ბაზარზეც დადებითად აისახება, მაგრამ გასულ კვირას ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებლის, "ასტრაზენეკას" ირგვლივ განვითარებული მოვლენები ამ მოლოდინებს აუარესებს. კერძოდ, "ასტრაზენეკა" ევროპაში ვაქცინის მთავარი მიმწოდებელია, რომლის მიმართ გამოითქვა ეჭვები - უარყოფითი გვერდითი ეფექტების არსებობის შესახებ. ამის გამო კი, რიგმა ქვეყნებმა აღნიშნული ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს, მაგრამ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია და თავად ასტრაზენეკა უარყოფითი რისკებზე მტკიცებულების არ არსებობაზე მიუთითებს. მათ შორის, "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრები გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა შეაჩერა, რომლებიც ნავთობპროდუქტების მსხვილი მომხმარებლებია და განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებში მოპოვებული ნავთობის, თუმცა ნავთობის ბაზარზე პანდემიასთან დაკავშირებული რისკების გარდა სხვაც არსებობს. კერძოდ, ნავთობექსპორტიორი ქვეყნების მხრიდან, რადგან საშუალოვადიან პერიოდში კვლავ მაღალია რისკი იმისა, რომ ნავთობკარტელმა მოპოვების ლიმიტებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიოს. მოვლენების ამგვარი განვითარება კი ნავთობის ფასების მყისიერ ვარდნას განაპირობებს, რასაც არაერთი წარსული გამოცდილება ამყარებს. მაგალითად, მარტის დასაწყისში ნავთობის ექსპორტიორთა ქვეყნების ორგანიზაციის ფარგლებში შეუთანხმებლობამ ფასების მყისიერ ვარდნა განაპირობა.

ამდენად, საშუალოვადიან პერიოდში რეგიონის ეკონომიკაზე ნავთობიდან შოკი კვლავ მოსალოდნელია, რაც, პირველ რიგში, ევროპის რიგ ქვეყნებში მკაცრი შეზღუდვების არსებობას და კარტელური გარიგებების ნაწილს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ რეგიონის უმსხვილესი ნავთობმომპოვებლების საექსპორტო ეკონომიკა ევროპაა, სადაც შეზღუდვები კვლავ ნარჩუნდება, თუმცა ამ ფონზე უახლოეს მომავალში ფასების გაცილებით მაღალი ნიშნულებია მოსალოდნელი, ვიდრე ეს იყო თებერვლის პროგნოზებით. ამ მხრივ, მდგომარეობის გაუმჯობესება კი რეგიონის ეკონომიკებზე დადებითად აისახება, რადგან ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ადგილობრივი მოთხოვნისა და მათი ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის, რაც საქართველოდან ამ ქვეყნებში ექსპორტის ზრდაზე აისახება.