26.თებერვალი .2021 20:15

უცხოელებისთვის მე-3 დღეს ტესტი სავალდებულოა - არის თუ არა კურორტებზე PCR ლაბორატორია?

უცხოელებისთვის მე-3 დღეს ტესტი სავალდებულოა - არის თუ არა კურორტებზე PCR ლაბორატორია?
views 907
უკან

საქართველოს მთავრობამ ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე - ბაკურიანში, გუდაურში, მესტიასა და გოდერძიზე სასტუმროებს 25 თებერვლიდან გახსნის უფლება მისცა - ბიზნესისთვის ეს ინფორმაცია მხოლოდ 24 თებერვალს გახდა ცნობილი. 8 მარტიდან კი, მთის კურორტებზე საბაგიროებსაც ჩართავენ.

როგორც ვიცით, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ასევე ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა.

თანდათან იზრდება იმ ქვეყნების რიცხვიც, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ. კერძოდ, ვიზიტორებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უკვე არსებული ქვეყნების ჩამონათვალს, 1 მარტიდან აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი შეემატებიან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორები აუცილებლად ავიაგზით უნდა შემოვიდნენ, სახმელეთო საზღვრები კი, კვლავ ჩაკეტილი რჩება.

ამასთან, მოქმედი წესების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც PCR ტესტით შემოდიან საქართველოში, საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, თან საკუთარი ხარჯებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ლოგიკურია, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეები თუ საქართველოში ჩამოსვლას გადაწყვეტენ, შესაძლოა, მათთვის საინტერესო ზამთრის კურორტებზე დასვენება იყოს. შესაბამისად, გაჩნდა კითხვაც - შეეძლება თუ არა უცხოელმა ტურისტმა ჩამოსვლიდან მესამე დღეს ზამთრის კურორტზევე ჩაიტაროს PCR ტესტი. აღსანიშნავია, რომ მსგავს კითხვებს უკვე გადავაწყდით სოციალურ ქსელში სხვადასხვა ტურისტულ ჯგუფებში.

BM.GE-იმ საკითხის გარკვევა ჯანდაცვის სამინისტროდან დაიწყო - ვკითხეთ - რომელ კურორტზე რომელ ლაბორატორიას უნდა მიმართოს ტურისტმა, რომ განმეორებითი სავალდებულო ტესტირება ჩაიტაროს. ეკატერინე ტიკარაძის უწყება დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ თან გვითხრეს, რომ „ტესტირების საკითხი, ძირითადად, NCDC-ს კომპეტენციაა".

უშუალოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი, აცხადებენ, რომ მაგალითისთვის, ბაკურიანში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში შესაძლებელია ტესტის აღება, თუმცა სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ბაკურიანში ტესტის აღება ვერ შეძლეს. სხვა კურორტებთან დაკავშირებით კი, NCDC-ში პასუხი ვერ გაგვცეს და მიგვითითეს ამბულატორიების ჩამონათვალზე, სადაც PCR ტესტი კეთდება - ჩამონათვალს გავეცანით, მაგრამ ზამთრის კურორტებზე ლაბორატორიები ვერ ვიპოვეთ.

სად გაიკეთოს საქართველოში ჩამოსულმა უცხოელმა ტურისტმა PCR ტესტი? - ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში და შესაბამისად, პოტენციური ტურისტების ინფორმირებაში დახმარება ტურიზმის ადმინისტრაციასაც ვთხოვეთ, მაგრამ ჯერ უკუკავშირი მათაგან არ მიგვიღია.

შესაბამის საჯარო უწყებებში განხორციელებული არაერთი ზარის შემდეგ, BM.ge-ის ჟურნალისტმა, როგორც რიგითმა ტურისტმა, მთავრობის სპეციალურ ცხელ ხაზზე - 144-ზე დარეკა და იკითხა - „სად უნდა მივიდე, თუ ზამთრის კურორტზე ვარ და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს სავალდებულოა ტესტის ჩატარება?“.

„ბაკურიანში, გუდაურსა და გოდერძიზე არ არის ლაბორატორია, სადაც PCR-ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი, შეგვიძლია, გადაგამისამართოთ ბორჯომში“, - გვიპასუხეს 144-ში. რაც შეეხება მესტიას, დანარჩენი კურორტებისგან განსხვავებით, იქ PCR ტესტი ხელმისაწვდომია, რადგან ადგილზე "ევექსის კლინიკაა".

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დღის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციაშიც ვცადეთ თემის გარკვევა, ჯანდაცვის სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ უკვე ახალი და კონკრეტული ცნობებით.

„ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტების ტესტირებას ჩაატარებს ჯანდაცვის რეგიონალური ცენტრი. ბაკურიანში უკვე ცნობილია მისამართი - შპს ჯანდაცვის ცენტრი, ხოლო გუდაურში - გადაუდებელი მედიცინის ცენტრი. ბაკურიანში სერვისი უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო გუდაურში ორშაბათიდან, 1 მარტიდან იქნება შესაძლებელი“, - გვითხრეს სამინისტროს პრეს-სამსახურში. რაც შეეხება გოდერძის კურორტზე PCR ტესტირების შესაძლებლობას, ჯანდაცვის უწყებაში დაგვპირდნენ, რომ "საკითხს გაარკვევეენ". 

ზამთრის კურორტებზე PCR ლაბორატორიების მოწყობაზე მსჯელობა და გათვლების გაკეთება უკვე დაიწყეს კერძო სექტორშიც.

bm.ge-ს ინფორმაციით, ბაკურიანსა და გუდაურში ლაბორატორიის მოწყობის მიზნით მოკვლევას აწარმოებს „მეგალაბი“. როგორც მისი დირექტორი მიშა დოლიძე აცხადებს, შემდეგ კვირაში უკვე ეცოდინებათ, თუ როგორ გადაწყდება საკითხი.

„ახლა ვსწავლობთ სიტუაციას გუდაურსა და ბაკურიანში და გადავწყვეტთ, დავიწყებთ ადგილზე მუშაობას თუ - არა. ვსწავლობთ ინფრასტრუქტურის საკითხს; ამ კვირაში გადაწყდება, ვიმუშავებთ თუ არა და - სად. მონდომებულები ვართ ძალიან, მაგრამ ინფრასტრუქტურაზე ვართ დამოკიდებული. ელემენტარულად გარემო უნდა ვიპოვოთ შესაბამისი, სადაც ლაბორატორიის მოწყობას შევძლებთ. ადამიანური რესურსით, მონდომებით და შესაძლებლობებით, სრულად მზად ვართ ამისთვის. ვფიქრობთ, ამღები პუნქტების (სინჯების ამღები) გახსნას. თუ ადგილზე ვიქნებით, სწარაფი ტესტი შეიძლება ადგილზეც გაკეთდეს, თუმცა სხვა შემთხვევაში ამღები პუნქტის გახსნაზე ვფიქრობთ“, - განაცხადა დოლიძემ.