მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უძრავი ქონების სუბსიდირება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“ - როსტომაშვილი

5fc915250cc7a
თათია ჩაფიჩაძე
03.12.20 22:40
910
“2008 წლის კრიზისის გამოცდილებით, თუ უძრავი ქონების სუბსიდირების პროგრამა გაჩერდება, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას და მთელი ეკონომიკა დომინოს პრინციპით ჩამოიშლება.” – ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს და მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამა უნდა გაგრძელდეს.

„საქმიან დილასთან“ საუბრისას როსტომაშვილი ამბობს, რომ მთავრობის დახმარების გარეშე 2021 წელი სექტორისთვის მძიმედ გადასატანი იქნება, რაც არა მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებზე, არამედ მოსახლეობაზეც ნეგატიურად აისახება.

„უძრავი ქონების სუბსიდირების შეწყვეტით იგივე სურათს მივიღებთ, რაც პანდემიის მართვის პროცესში მივიღეთ. დავიწყეთ კარგად და ახლა ვხედავთ სადაც ვართ. სუბსიდირებამ გამოიწვია ის, რომ არ ჩამოიშალა დეველოპერული ბაზარი, რომელიც არ არის მხოლოდ დეველოპერული კომპანიები, ეს არის არსებული შენობები და ის ღირებულება რაც მათ აქვთ.

თბილისის მაგალითზე რომ განვიხილოთ, დაახლოებით 400 ათასი ოჯახია, რომელთა ძირითადი ქონება სწორედ უძრავი ქონებაა. საშუალო არითმეტიკულით ამის ღირებულება 15 მლრდ დოლარია. ანუ ჩვენ რომ დავხარჯეთ 70 მლნ ლარი ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას მათ, შევუნარჩუნეთ იმ ბინების ღირებულება. ჯამში უძრავი ქონების გაიაფება ნიშნავს ეკონომიკის გაიაფებას და 20 მლნ დოლარის გაწირვით ამ სექტორის შენარჩუნება ერთ-ერთ ყველაზე სწორ და ყაირათიან გადაწყვეტილებად მიმაჩნია.

მაშინ დაეხმარა მთავრობა სამშენებლო სექტორს, როცა ასეთი მძიმე სურათი არ იყო და ახლა უარესი ტალღა მოვიდა და ახლა ამის გაჩერება ნამდვილად არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია მისი გაგრძელდება. კონკრეტული ნაბიჯები აუცილებლად გადასადგმელია.“ - განაცხადა როსტომაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, იპოთეკურ სესხებზე სუბსიდირების პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი უკვე ამოიწურა. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ბიზნეს სექტორს კარგი სტიმული მიეცა და ზრდაში ლომის წვლილი სწორედ ამ პროგრამამ შეიტანა, თუმცა მისი გაგრძელების საჭიროება 2021 წლიდან აღარ იქნება.