მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში არსებული კომპანიებისთვის პაკეტი მზადდება, რათა მათ საქართველოდან შეძლონ შეუფერხებლად ოპერირება - "გაზელ ფაინენს ჯორჯია“

625075e3491ae
ალა ისპირიანი
08.04.22 23:17
2806
საინვესტიციო ფონდ "გაზელ ფაინენს ჯორჯიაში" სპეციალურ პაკეტს ამზადებენ, რათა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიის დროებით დატოვება ესაჭიროებათ, საქართველოდან შეუფერხებლად შეძლონ ოპერირების გაგრძელება.

როგორც Bm.ge-სთან ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ განაცხადა, შესაძლოა, ამ კომპანიების ნაწილი სრულად ან ნაწილობრივ საქართველოში დარჩნენ, რაც ასევე დადებითად აისახება ქართულ ეკონომიკაზე.

„ეს განსაკუთრებით IT-სექტორში მომუშავე კომპანიებს შეეხება, რომელთათვისაც დისლოკაციის ადგილის შეცვლა ნაკლებად მტკივნეულია. პაკეტი მოიცავს როგორც იურიდიული, ბუღალტრული, თუ საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა სახის კონსულტაციების უზრუნველყოფას, ასევე, ტექნიკურ დახმარებასა და საინვესტიციო ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობას.

არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული კომპანიების ნაწილი სრულად ან ნაწილობრივ დარჩეს საქართველოში, ან დატოვონ თავიანთი წარმომადგენლობა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახება. ამ ეტაპზე პროექტი დამუშავების სტადიაშია და აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორებთან საუბარი,“- განაცხადა ნათია ჯანელიძემ.

მისივე თქმით, პარალელურად "გაზელ ფაინენს ჯორჯია" ახალი ფონდისთვის ინვესტიციების მოზიდვის პროცესშია, რაზეც ამერიკიდან, ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან მხარდაჭერის მზაობა უკვე მიიღეს.

„როგორც არსებულ, ისე პოტენციურ ინვესტორებთან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი ინვესტორებისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს ფონდმა განაგრძოს და გააფართოოს საქმიანობა საქართველოში. ამ კვირებში ვუმასპინძლეთ ინვესტორებს ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან. გვაქვს მათი მზაობა და მხარდაჭერის სურვილი. „გაზელი“უკრაინის პორტფელში დამატებას აპირებს, თუმცა ცხადია, 24 თებერვალს დაწყებულმა მოვლენებმა ეს გეგმები შეაყოვნა. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენ კოლეგებთან და პარტნიორებთან უკრაინაში, და დარწმუნებული ვართ, რომ საომარი მოქმედებების შემდეგ, უკრაინა ყველა ინვესტორისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

ცნობისთვის, "გაზელ ფაინენს ჯორჯიას" ახალი - $50-მილიონიანი ფონდის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ამასთან, ფონდი საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მის ინვესტორებს მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები წარმოადგენენ, მათ შორის DFC და FMO. ბოლო ოთხ წელიწადში ფონდმა 30-მდე კომპანია დააფინანსა, მისი მთლიანი პორტფელი კი $31 მილიონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები