მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა აპირებს, სესხის პროცენტი კერძო ბაღებს და სპორტდარბაზებსაც დაუსუბსიდიროს

5fe624adad5b8
თათია ჩაფიჩაძე
26.12.20 09:30
1315
სასტუმროების, რესტორნების, კინოთეატრების და ივენთკომპანიების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს მთავრობამ სესხის პროცენტი, კერძო ბაღებს და სპორტდარბაზებსაც დაუსუბსიდიროს. Bm.ge-ის ინფორმაციით, ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო და ამ მიზნით, კომერციულ ბანკებს სთხოვა, დაამუშაონ და მიაწოდონ ინფორმაცია სასესხო პორტფელის მოცულობაზე.

აღნიშნულის გადამოწმებას კერძო ბაღების წარმომადგენლებთან შევეცადეთ, სადაც გვითხრეს, რომ მსგავს ინოფორმაციას თავადაც ფლობენ, მაგრამ არა - დადასტურებულად.

„დადასტურებული პასუხი იმის თაობაზე, რომ მთავრობა ჩვენი სესხების პროცენტსაც დაასუბსიდირებს, ამ ეტაპზე არ მიგვიღია, თუმცა ბანკისგან და ასევე, პირადი ინფორმაციით ვიცი, რომ იანვრიდან კერძო ბაღებს სესხის პროცენტს ან სრულად ან 90%-ით დაგვიფინანსებენ და ეს გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ასევე, 10 დეკემბრის შეხვედრაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში შედგა და მინისტრიც ესწრებოდ, ქონების და საშემოსავლო გადასახადების გადავადების საკითხი დავაყენეთ. ქონების გადასახადზე გვითხრეს, რომ დაგვეხმარება ბიზნესომბუდსმენის აპარატი და მასთან უნდა ვიკონტაქტოთ, დავიწყეთ ეს კომუნიკაცია და იმედია, გამოვა. საშემოსავლოს გადავადებაზეც მიდის საუბარი. მივიღეთ დაპირება იმაზეც, რომ როგორც კი ინფიცირების რიცხვი შემცირდება და თუ ეს იქნება თებერვლიდან, ერთ-ერთი პირველი კერძო ბაღები გაიხსნება. ასევე, როგორვ ვიცი, საუბარია, „აწარმოე საქართველოს“ პროექტში ჩვენს ჩართულობაზეც, არ ვიცი როგორ - შეიძლება, თანხები გამოგვიყონ და ჩვენ განვკარგოთ საჭიროებისამებრ, რომ დავადასტუროთ ხარჯები, ამასაც ველოდებით და იმედია, დახმარებები იქნება”, - განაცხადა BM.GE-ისთან კერძო ბაღ „ანბანელას“ დამფუძნებელმა ქეთი წულიაშვილმა.

ცნობისთვის: 10 დეკემბერს, როცა ნათია თურნავამ კერძო ბაღების წარმომადგენლებს შეხვდა, განაცხადა, რომ ეს არის საკმაოდ დაზარალებული სფერო, რადგან ერთ-ერთი პირველი მოყვა შეზღუდვებში, რაც განპირობებული იყო ეპიდემიოლოგიური ვითარებით.

„მათ აქვთ ისეთი პრობლემები, რომელიც მსგავსია სხვა ბიზნესების პრობლემებთან - მათ შორის არის ბანკის სესხები და პროცენტების გადახდა, საიჯარო ქირის გადახდა. ჩვენ მზად ვართ გვერდში ამოვუდგეთ მათ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს სექტორიც ჩავრთოთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის გარკვეულ მიმართულებებში და დავეხმაროთ ბანკებთან კომუნიკაციაში“, - აღნიშნა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

bm.ge-ის ინფორმაციითვე, კერძო ბაღები არაა ერთადერთი, ვისი სესხების პროცენტის სუბსიდირებასაც მთავრობა აპირებს. დახმარების მსგავსი პაკეტის მოლოდინში არიან სპორტდარბაზებიც. „ოკტოპუსის“ დირექტორი გიორგი ასათიანი ამბობს, რომ სავარაუდოდ, მხარდაჭერის პროგრამა არა მხოლოდ მათზე, არამედ აუზებზეც გავრცელდება.

განმახორციელებელიც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ იქნება, ხოლო ინიციატორი - ეკონომიკის სამინისტრო.

„როგორი თანადაფინანსების მექანიზმიც გაკეთდა რესტორნების, ივენთ კომპანიების და კინოების შემთხვევაში, ვიცი, რომ მსგავს მექანიზმზე არის საუბარი. ვიცით ისიც, რომ აღნიშნული კეთდება კონკრეტულ დადგენილებაზე დაყრდნობით, „აწარმოე საქართველოს“ ეგიდით და შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოხდება ინიცირება, თუმცა არ ვიცით, ეს გადაწყვეტილია თუ - არა; ჯერ უბრალოდ მოთელვითი სამუშაოებია. ინფორმაცია გამოითხოვეს რა ზომის სასესხო პორტფელზეა საუბარი, რათა იცოდნენ, რამდენად აქვთ საშუალება, რომ ამ სფეროსაც დაეხმარონ და ა.შ”, - უთხრა bm.ge-ის „ოკტოპუსის“ დირექტორმა.

თემაზე მეტი დეტალის გასარკვევად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც დავუკავშირდით და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.