მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკვე გამოჩნდნენ არალეგალური საიტები - "ევროპაბეთი"

61dc1b00cb290
სალომე მეცხვარიშვილი
10.01.22 15:55
8922
აზარტული თამაშების კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უკვე ძალაშია. 2022 წლიდან ამ ბიზნესში ჩართულ სუბიექტებს გადასახადები გაეზარდათ და მათი დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით არის მომატებული. სხვა რეგულაციები, რომლებიც მათ შორის რეკლამის აკრძლვას ითვალისწინებს, ასევე კრძალავს მილიონამდე ადამიანისთვის აზარტულ თამაშებში ჩართულობას, პირველი მარტიდან უნდა ამოქმედდეს.

“ევროპაბეთის” ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე ამბობს, რომ დანონსებულმა და ძალაში შესულმა ცვლილებებმა ბაზარზე გავლენა უკვე მოახდინა. საქმე ისაა, რომ იანვრიდან ამოქმედდა არამარტო დეკემბრის ბოლოს დამტკიცებული რეგულაციები, არამედ ცვლილებები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანომ უფრო ადრე მიიღო: მაგალითად, ონლაინკაზინოებიდან თანხის გატანის საკომისიო მომხმარებლისთვის 1%-დან 3%-მდე გაიზარდა, ასევე გართულდა აზარტულ ვებგვერდებზე რეგისტრაცია/ვერიფიკაციის წესები.

“ევროპაბეთის” ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ ამ ყველაფერმა მომხმარებლის რიცხვი 20-25%-ით შეამცირა.

“ამოქმედებული რეგულაციების გამო ბევრი მოთამაშე ვეღარ ახერხებს თამაშს, რაც გამოიწვევს იმას, რომ ეს მომხმარებელი წავა არალეგალურ საიტებზე. პირველი იანვრიდან გააქტიურებული არიან არალეგალური საიტებიც, რომლებსაც ვებგვერდები უკვე ნათარგმნი აქვთ ქართულ ენაზე. მათთვის არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს, ნებისმიერი ასაკის მოთამაშეს ეპატიჟებიან. ისინი რეკლამით ცდილობენ ხალხის მოზიდვას. აეროპორტში რომ გაიაროთ, უკვე შეგხვდებათ არალიცენზირებული საიტების რეკლამები. მათ საქართველოში წარმომადგენლობა არ აქვთ და უცხოურ საწარმოებს წარმოადგენენ”, - აცხადებს გიორგი ნიჟარაძე და აღნიშნავს, რომ არალეგალურ საიტებთან შედარებით კეთილსინდისიერი ბიზნესები არათანაბარ პირობებში მუშაობენ.

მისი თქმით, ახალმა რეგულაციებმა წესით უნდა შეაჩერონ ქვეყნიდან ფულის გადინება, რასაც საქართველოდან უცხოურ საიტებზე ფულის გადარიცხვის დაბლოკვით აპირებენ, თუმცა ნიჟარაძე ამბობს, რომ ამ არხების დაბლოკვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მისი განმარტებით, მომხმარებელი უამრავ გზას მოძებნის უცხოურ საიტებზე სათამაშოდ, მათ შორის კრიპტოვალუტებსაც გამოიყენებს.

“ეს (გადარიცხვების კონტროლი) ვერ შეძლო ვერც აშშ-მა, ეს ვერ შეძლო რუსეთმა, ჩინეთმა… მსოფლიოს და მით უფრო საქართველოს, ამის რესუსრსი არ გააჩნია, რადგან ყველაფერს რომ თავი დაანებო, არსებობს კრიპტოვალუტა, რომლის კონტროლიც არ ხდება. ჩრდილოეთ კორეა უნდა ვიყოთ, რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთ”, - აცხადებს გიორგი ნიჟარაძე.

“ევროპაბეთის” ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ რეკლამების აკრძალვის გამო უკვე დაწყებულია მედიასაშუალებებთან სარეკლამო ხელშეკრულებების გაწყვეტის პროცედურებიც.

“ჩვენ წლის ჭრილში ვაფორმებთ ხოლმე კონტრაქტებს და კონტრაქტები, რომლებსაც ვადა ამოეწურათ 31 დეკემბერს, უბრალოდ, აღარ გავაგრძელეთ. სპონსორობაზეც უარს ვამბობთ. რამდენიმე საფეხბურთო კლუბს უკვე დაეტყო ეს რეგულაციები - გუნდი დაეშალათ ფინანსური პრობლემების გამო. ძალიან ვწუხვართ ამის გამო, რადგან ჩვენც ქომაგები ვართ”, - აცხადებს გიორგი ნიჟარაძე.

მისივე თქმით, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს თანამშრომლების გათავისუფლებაც მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები