04.დეკემბერი .2022 12:10

უმთავრესია, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსს ამ დარგში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს - საბა კიკნაძე

უმთავრესია, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსს ამ დარგში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს - საბა კიკნაძე
views 543
უკან

ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი და ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი საბა კიკნაძე მიიჩნევს, რომ უმთავრესია, ტურიზმის ადმინისტრაციის ახალ უფროსს ამ დარგში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს.

საქმე ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესარჩევად გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა. CV-ების მიღება დღეს იწურება, რომლის შემდეგაც გადაარჩევენ განცხადებებს, შემდეგ კი გადარჩეულებთან გასაუბრება შედგება, სადაც მთავარი სიტყვა ეკუთვნის ეკონომიკის მინისტრს, რადგან სწორედ ლევან დავითაშვილმა უნდა დანიშნოს ახალი ხელმძღვანელი. ვაკანსიაში საკონკურსო თემატიკად მითითებულია მხოლოდ "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონი და "ტურიზმისა და კურორტების შესახებ" საქართველოს კანონი.

როგორც საბა კიკნაძე bm.ge-სთან ამბობს, ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი უფროსის შერჩევისას ყურადღება კანდიდატის პრაქტიკულ გამოცდილებას და ხედვას უნდა მიექცეს.

„ხედვის ჩვენება აუცილებელია, რადგან მასში ბევრი რამე ჩანს, თუ, რა თქმა უნდა, ხედვას სხვა ვინმე არ უწერს. აქ ჩანს, როგორ ხედავს და ასტრუქტურირებს გონებაში ადამიანი, რა არის ტურიზმი, როგორც ეკონომიკის დარგი, რა სპეციფიკა აქვს მას და მათ შორის რა ხედვა აქვს თავის ქვეყანაზე, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე.

მხოლოდ კანონის თუ კანონების ცოდნა არაფერს ნიშნავს, ამისთვის არსებობენ იურისტები, რომლებიც ხელმძღვანელს ეტყვიან, კანონიდან არ გადაუხვიოო. მთავარია, ხედვა; მანდ ჩანს ეს ადამიანი საით წავა, რას იზამს. ხედვის წარდგენის გარეშე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა, ეს იგივეა მუსიკოსი აიყვანო და ჰკითხო, იცის თუ არა ნოტების ცოდნა - შეიძლება ნოტებს ცნობს, მაგრამ ძალიან ცუდი მუსიკოსია... ნოტების ცნობას ჰგავს კანონების ცოდნა. ეს არაა სწორი. ეს არის შეცდომა. ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ კონკურსი კონკრეტულ კანდიდატზეა მორგებული?! საერთოდ არ მინდა წარმოვიდგინო, რომ დღევანდელ ვითარებაში ამის გაკეთება არის საჭირო“, - ამბობს საბა კიკნაძე და ხედვის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

„მე არ ვარ გამომცდელი, მაგრამ ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მან უნდა ნახოს რა ხედვით და გამოცდილებით მოდის ახალი ხელმძღვანელი. შეიძლება, თუნდაც კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს, მაგრამ ისეთი ხედვა დადოს, ყველას გული გაგვისკდეს, რადგან მაგალითად, გადაწყვიტა, სახელმწიფო ჯიბეში ჩაიდოს ან პირიქით - სახელმწიფო სექტორში იყოს ნამუშევარი და სოციალისტური იდეეებით მოვიდეს“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა