მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობის კუთხით ქალაქებში კატასტროფული მდგომარეობაა - ეკონომისტი

60a3c9001cf3a
ინგა მურუსიძე
19.05.21 09:40
747
საქსტატმა უმუშევრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით 18.5%-მდე გაიზარდა. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ უმუშევრობის ზრდასთან ერთად შემცირდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობაც.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2020 წელს პანდემიური კრიზისის შედეგად საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და სახელმწიფოსგან 200-ლარიან კომპენსაციას 100,000 მოქალაქეზე მეტი იღებდა. თუმცა საქსტატის ანგარიშში უმუშევრობის ზრდა მხოლოდ 0.9 პროცენტული პუნქტია.

"კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანის სოსო ბერიკაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ სტატისტიკა უმუშევრობის ზრდას მხოლოდ 0.9 პროცენტული პუნქტით აჩვენებს და არა მეტით, არ ნიშნავს, რომ უმუშევარი ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ არის მომატებული. ბერიკაშვილის თქმით, მთავარია, როგორ ითვლება უმუშევრობის დონე.

„უმუშევარი ადამიანების რაოდენობა, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავს უმუშევრად მიიჩნევენ და სამუშაოს ეძებენ, უნდა შეეფარდოს აქტიურ მოსახლეობას. აქ ამბავი ის არის, რომ შემცირებულია აქტიური მოსახლეობის რაოდენობა და ეს განსაკუთრებით ეხება სოფელს. სოფელში უმუშევრობა არის შემცირებული, რადგან აქტიური მოსახლეობიდან გადის მოსახლეობა, რომელიც კარგავს სამსახურს და აღარ ეძებს ახალს. ისინი უმუშევრად აღარ ითვლებიან, უბრალოდ გადიან სამუშაო ძალიდან. ზოგადად, უმუშევართა დათვლის მეთოდოლოგია ასეთია მსოფლიო სტანდარტით, უბრალოდ რეალურ სურათს არ გვაძლევს“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

ის დასძენს, რომ უმუშევრობა მეტად არის გაზრდილი თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში, რასაც ეკონომისტი უკავშირებს ქვეყანაში დაქირავებით მომუშავეთა წილის შემცირებას.

„დასაქმებულებში ზოგიერთი არის თვითდასაქმებული და ზოგი დაქირავებით დასაქმებული, მნიშვნელოვანი ნაწილი არის დაქირავებით მომუშავეები. ქალაქებში კატასტროფული მდგომარეობაა – მდგომარეობა კარგი არ არის და არც იყო მოსალოდნელი“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება პროგნოზებს, როგორც სოსო ბერიკაშვილი ამბობს, უმუშევრობის საკითხი დიდწილად არის დამოკიდებული ეკონომიკის აღდგენაზე.

„უმუშევრობის საკითხი ეკონომიკის აღდგენაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ამ მხრივაც არ არის ოპტიმისტური პროგნოზები. ტურიზმი არის ყველაზე დიდი დამსაქმებელი და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიები, რესტორნები, სასტუმროები. ანუ ეს საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ტურისტულ სეზონთან, რაზეც კითხვის ნიშნებია ჯერჯერობით“, - აღნიშნა მან.