მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა აღდგეს თუ არა საპოლიციო გამოსახლების წესი? - დავით სონღულაშვილის პასუხი

633962143341f
თელარა გელანტია
04.10.22 09:30
1743
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილისთვის საკუთრების უფლების დაცვა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არ აქვს მკაფიო პოზიცია კითხვაზე - უნდა აღდგეს თუ არა საპოლიციო გამოსახლების წესი.

2015 წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ გაუქმებული საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის აღდგენის შესახებ კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, საქართველოში გაზრდილი მიგრანტების ფონზე უძრავი ქონების ექსპერტებმა და იურისტებმა დაიწყეს საუბარი გარკვეულ რისკებზე და გახშირდა მაგალითები, როდესაც პირები ქირაობენ ბინას ან კომერციულ ფართს, შემდეგ არ იხდიან ქირის ფულს, მაგრამ არც უძრავ ქონებას ტოვებენ; კანონიერ მესაკუთრეს კი არ აქვს ბერკეტი, რომ კუთვნილი ქონება ოპერატიულად დაიბრუნოს.

საქმე ის არის, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტის გადაწყვეტილებით, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი გაუქმდა. ამ ცვლილებით უკანონოდ მითვისებული ქონების კანონიერ მესაკუთრესთან გადასვლის წესები მნიშვნელოვნად გართულდა, რადგან თუ 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან კი, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი.

BMG-მ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰკითხა - დღეს არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, თუნდაც დროებით, უნდა აღდგეს თუ არა საპოლიციო გამოსახლების წესი.

“საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული და ეს უალტერნატივო საკითხია. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით თუ რამე გამოწვევა შეიძლება დადგეს და ამან მიიღოს უფრო ვრცელი ხასიათი, რა თქმა უნდა, კომიტეტის ფარგლებში აუცილებლად დავიწყებთ ამ თემაზე მსჯელობას, თუმცა დღეს, შეიძლება, ცოტა ხანი დაკვირვების პროცესი იყოს... კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული და ხელშეუხებელი. ეს არის ნომერ პირველი მნიშვნელობის, რათა უფრო მეტად განვითარდეს და გაიზარდოს ეკონომიკა, რადგან საკუთრების უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა. ამდენად თუ ამას შეიძლება რამე საფრთხე შეექმნას, შეიძლება ამ საკითხზეც ვიმსჯელოთ. კომიტეტის ფარგლებში, მაქსიმალურად მზად ვართ, გახსნილი ვართ, რომ მოვისმინოთ გამოწვევები, რომლებიც ბიზნესს უდგას და შესაბამისი გადაწყვეტილებებით და პასუხებით დავუბრუნდეთ უკან“, - თქვა bm.ge-სთან დავით სონღულაშვილმა.


„ოცნების“ დეპუტატი საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენის მომხრეა