მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა შეემცირებინა თუ არა სებ-ს რეფინანსირების განაკვეთი - ეკონომისტების შეფასება

5eaaf81510275
თათია ჩაფიჩაძე
30.04.20 20:20
1329
„თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აცხადებს, რომ მათი პროგნოზით რეფინანსირების განაკვეთი არ უნდა შემცირებულიყო. Bm.ge-თან საუბრისას ნადარაიამ აღნიშნა, რომ შერბილების პირობებში მნიშვნელოვანი იქნება ინტერვენციების საკითხი და იმ შემთხვევაში, თუკი დამატებითი ვალუტის მიწოდება მოხდება, მაშინ საპროცენტო განაკვეთის კლება მისაღებია.

„ჩვენ ვფიქრობდით განაკვეთის უცვლელად დატოვებას. რა თქმა უნდა, ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირება კარგია, აქ არამარტო რეფინანსირება, არამედ მნიშვნელოვანია დეპოზიტების და სესხების განაკვეთები, თუმცა, ისე რომ ამან არ გამოიწვიოს გაცვლით კურსის გაუფასურება და კიდევ უფრო მეტი ზეწოლა ინფლაციაზე, წელს ინფლაცია ისედაც მაღალი იქნება როგორც აღინიშნა. ამ მხრივ იმედისმომცემია ის, რომ აქტიური სავალუტო ინტერვენციები გაჟღერდა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ საპროცენტო განაკვეთი ლარში შემცირდა, მაგრამ ამას მოყვა მეტი ვალუტის გაყიდვა, ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში გაუფასურებას და ფასებზე დამატებით ზეწოლას არ გამოიწვევს.“ - განაცხადა ნადარაიამ.

სებ-ის გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე დადებითად აფასებს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, თუმცა, გაურკვეველი სიტუაციის გათვალისწინებით ამბობს, რომ რაიმე ტიპის პროგნოზების გაკეთება ინფლაციაზე და ლარის კურსზე ფაქტობრივად შეუძლებელია.

„ორივე მხრიდან ბევრი ფაქტორი მუშაობს ინფლაციურ წნეხზე. ერთი მხრივ არის შემცირებული ნავთობის ფასები, შემცირებული მოთხოვნა, მეორე მხრივ ისევ გაურკვეველია ლარის კურსის საკითხი, ამიტომ მარტივი გადაწყვეტილება არ არის და დარწმუნებული ვარ კომიტეტზეც დიდი განხილვები იქნებოდა. თუმცა, ამ ეტაპზე სწორად მიმაჩნია, თან მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა, მაინც მკაცრი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ არსებობს შემცირების საშუალება", - განაცხადა ბერიკაშვილმა.