პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შესარჩევად შექმნილი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთი პირველი, ვინც კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა, ეკონომისტი, სოსო ბერიკაშვილია. ის აცხადებს, რომ საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში დამოუკიდებელი იქნება.
კითხვაზე, როგორ ესმის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, სოსო ბერიკაშვილი პასუხობს, რომ ესმის ისე, როგორც კანონში წერია, რომ სებ-ი დამოუკიდებელია, საბჭოს წევრები დამოუკიდებლები არიან და არავისგან უნდა მიიღოს დავალებები.
“არავისგან მივიღებ დავალებებს. თუ რამეს გადავწყვეტ, გადავწყვეტ ისე, როგორც ჩემი კომპეტენცია მიკარნახებს”, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.
რაც შეეხება სავალუტო ფონდთან არსებულ ურთიერთობას და იმას, თუ როგორც წარმოუდგენია ეკონომისტს ურთიერთობის გაგრძელება, ეკონომისტი პასუხობს, რომ იმაზე, რაც IMF-თან გასულ წელს მოხდა ბევრი საჯარო კომენტარი აქვს გაკეთებული და გასაგებია, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა შესუსტებულია.
“ამაზე ჰქონდა განცხადება IMF-ს. ფონდი და მისი მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ამბობს, რომ ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. გამოსწორების ერთ-ერთი საშუალება არის მათ შორის ის, რომ თავად ეროვნული ბანკის საბჭო შეივსოს კომპეტენტური ადამიანებით. ფორმალურად საბჭო უფლებამოსილია, თუმცა არსებული 5 წევრიდან 3 არის აღმასრულებელი და 2 არის არააღმასრულებელი. ფორმალურადაც მისი ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის იმ ფონზე, რა ფონზეც მოხდა საბჭოს წევრების არჩევა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ერთ-ერთი გამოსავალი არის საბჭოს შევსება კომპეტენტური წევრებით”, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.
მისი თქმით, ეროვნულ ბანკს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი მიადგა და ამის გამოსწორების გზა არის როგორც საბჭოს წევრების რაოდენობის შევსება, ისე მისი კვალიფიციურობის გაზრდა.
სოსო ბერიკაშვილთან კიდევ ერთი შეკითხვა მის შეეხებოდა მის პროფესიულ დამოუკიდებლობას. კანდიდატი ამბობს, რომ კონკრეტული ფაქტის დასახელება არ შეუძლია, თუმცა მისი საჯარო გამოსვლები, კრიტიკა და პოზიციები ადასტურებს მის მიუკერძოებლობას, პრინციპულობას და რომ ის პასუხს აგებს ყველა განცხადებაზე, რაც გაუკეთებია.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ როგორ წარმოუდგენია მას ურთიერთობა მენეჯმენტთან იმ ფონზე, როცა ის საკმაოდ კრიტიკულია ეროვნული ბანკის მიმართ. ეკონომისტი ამბობს, რომ მან გააკრიტიკა სებ-ი დამოუკიდებლობის საკითხში.
“თანამშრომლობა მარტივი არ იქნება, თუმცა ჩემი სახით დამოუკიდებელი წევრის არსებობს საბჭოს გამოადგება იმისთვის, რომ საბჭო იყოს გამჭვირვალე, დამოუკიდებელი, საბოლოო ჯამში კი ეს საქართველოს და მის ევროპულ მომავალსაც დაეხმარება. ჩემს ხელში რომ იყოს, საბჭოს დავაკომპლექტებდი კვალიფიციური წევრებით და შემდეგ რეპუტაციულად თავისთავად გამოსწორდებოდა. თუ ეს შესაძლებელი იქნება, რომ საბჭოში ყველა წევრი კომპეტენციის მიხედვით იქნეს შერჩეული, ამ შემთხვევაში ვიფიქრებდი პრეზიდენტის უფლებების შემცირებაზე და საბჭოს უფლებების გაზრდაზე”, - თქვა სოსო ბერიკაშვილმა.