მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უოლ სტრიტზე ვაჭრობა შეჩერდა - ინდექსები 9%-ით დაეცა

5e6f860d9dbe5
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.20 18:03
1481
ნიუ-იოკრის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის გახსნისთანავე, ყველა წამყვანი ინდექსი მკვეთრად დაეცა, რასაც ბირჟაზე ვაჭრობის დროებით გაჩერება მოჰყვა. გახსნიდან პირველივე წუთზე S&P500-ის ინდექსი 9.6%-ით დაეცა, რამაც საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის ავარიული გამომრთველი ჩართო - შედეგად, უოლ სტრიტზე ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდა. 

აშშ-ის წამყვანი საფონდო ინდექსების დანაკარგები ასეთია: Dow Jones-ის ინდექსი ვარდნა 9.67%; S&P 500-ის ინდექსი 9.6%-ით შემცირდა, Nasdaq-ის ინდექსი კი 9.32%-ით დაეცა.

ეს უკანასკნელი შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის ავარიულად შეჩერების უკვე მესამე შემთხვევაა, რაც სიხშირის მიხედვით, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ უპრეცედენტო მაჩვენებელს წარმოადგენს. 

საფონდო ბირჟაზე ვარდნა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ FED-მა კვირას ეკონომიკის სტიმულირებისთვის საპროცენტო განაკვეთების შერბილების გადაწყვეტილება მიიღო. 

FED-მა ასევე გამოაცხადა 700 მლრდ დოლარიანი შესყიდვების პროგრამის დაწყების შესახებ, რის ფარგლებშიც მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე მის საკუთრებაში არსებულ სახაზინო ობლიგაციების პორტფელს მინიმუმ - 500 მლრდ დოლარით, იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების პორტფელს კი მინიმუმ - 200 მლრდ დოლარით გაზრდის. კომიტეტის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უნდა დაეხმაროს აშშ-ის ეკონომიკას სამიზნე 2%-იანი ინფლაციის მიღწევაში.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობის შესაჩერებლად რამდენიმე ჩამკეტი მექანიზმი არსებობს. 

ეს მექანიზმებია:

1) თუ S&P 500-ის ინდექსი 7%-ზე მეტად დაეცემა, ბირჟაზე ვაჭრობა 15 წუთით ჩერდება;
2) თუ S&P 500-ის ინდექსი 13%-ზე მეტად დაეცემა, ვაჭრობა ასევე 15 წუთით ჩერდება, თუ ეს ვარდნა 15:25 წუთამდე მოხდება, მაშინ შეჩერება აღარ მოხდება, თუკი დაცემა ამის შემდეგ გაგრძელდება;
3) თუ S&P 500-ის ინდექსი 20%-ზე მეტად შემცირდება, მაშინ ვაჭრობა მთელი დღის განმავლობაში შეწყდება.