მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტის მომავალი შემცვლელის ვინაობა ცნობილია

609175341bc80
თამთა ჯიჯავაძე
04.05.21 21:43
1059
ლეგენდარულმა ამერიკელმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე გრეგ აბელი თავის მომავალ შემცვლელად დაასახელა. „დირექტორთა საბჭო თანხმდება: ამაღამ რომ რამე მომივიდეს, ხვალ დილით გრეგი ჩამანაცვლებს“, – განაცხადა ბაფეტმა ამერიკულ მედიასთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ბაფეტმა Berkshire Hathaway ტექსტილის მწარმოებელი კომპანიიდან $628-მილიარდიან გიგანტ საინვესტიციო კომპანიად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტი 90 წლისაა, გადადგომას არ აპირებს და კომპანიას წარმატებით მართავს. თუმცა უკვე დაახლოებით ათი წელია, აქტიურად ისმის კითხვა, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ბაფეტი.

წარმოშობით კანადელი გრეგ აბელი კი Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარის პოსტს 2018 წლიდან იკავებს. მან კომპანიის ენერგომიმართულება ამერიკაში წამყვან პროვაიდერად აქცია. აბელი 58 წლისაა, როგორც ბაფეტმა აღნიშნა, „აბელის ახალგაზრდობა“ მნიშვნელოვანია. ცნობისთვის, Berkshire Hathaway-ის სხვა ვიცე-თავმჯდომარეებიც ჰყავს, მათ შორის 97 წლის ჩარლი მანგერი და 69 წლის აჯიტ ჯაინი.

უორენ ბაფეტი მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ინვესტორადაა ცნობილი. Berkshire Hathaway ამჟამად 60-ზე მეტი კომპანიის მფლობელია. კონგლომერატი წარმოდგენილია დაზღვევის, ენერგეტიკის, რიტეილის და სხვა სექტორებში. ის ფლობს, მაგალითად, სადაზღვევო კომპანია Geico-ს, ელემენტების მწარმოებელ Duracell-ს და რესტორნების ქსელ Dairy Queen-ს. გარდა ამისა, Berkshire Hathaway-ის აქციები აქვს Apple-ში, Coca Cola-ში, Bank of America-ში, American Express-სა და სხვა მსხვილ კომპანიებში.

მარტში ბაფეტი $100 მილიარდის მფლობელთა კლუბს შეუერთდა, ვინაიდან მისი კონგლომერატის აქციები რეკორდულად გაიზარდა. ის ამჟამად დაახლოებით $103,7 მილიარდის მფლობელია. ცნობილია, რომ ბაფეტი დიდი ფილანთროპიცაა, მას მილიარდობით დოლარი ქველმოქმედებისთვის აქვს გაღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები