მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთი, ყაზახეთი - Phubber-ი რეგიონის მასშტაბით განვითარებას განაგრძობს

627ffca113fc6
ვიქტორია მღებრიშვილი
15.05.22 00:19
1313
სამოსისა და აქსესუარების გაყიდვების ქართული პლატფორმა Phubber-ი რეგიონის მასშტაბით განვითარებას განაგრძობს და გაფართოების შემდგომ ნაბიჯად ჯერ უზბეკეთის, ხოლო შემდეგ ყაზახეთში შესვლას ასახელებს.

სტარტაპის გეგმებსა და გამოწვევებზე მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა გადაცემა „ბარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაფუძნების დღიდან პარტნიორების მიზანი რეგიონის ქვეყნების ერთ პლატფორმაზე გაერთიანება იყო.

„პირველივე დღიდან ჩვენი სტრატეგია ერთ ტექნოლოგიაში პოსტსაბჭოთა სივრცის გაერთიანება იყო. რუსეთს თუ არ ჩავთვლით, ეს 300 მილიონიანი ბაზარია და ჩვენ ამ დროს თურქეთსაც ვუყურებდით. ამან შეიძლება ის მასშტაბი მოგვცეს, რაც შემდგომში საინტერესო იქნება დალისტვისთვის. ეს ჩვენი ორი საოცნებო მიზანია, სადაც Phubber-ის მომავალს ვხედავთ“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო რეგიონში არსებული გაურკვეველი მდგომარეობის მიუხედავად, პარტნიორებმა უკვე დაიწყეს უზბეკეთში, კიდევ ერთ ქართულ სტარტაპ Payze-სთან თანამშრომლობით ინტეგრაცია. ხოლო ყაზახეთში კომპანია რეგისტრაციის პროცესს ასრულებს. გიორგი ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ ცენტრალურ აზიაში მარკეტინგულ კამპანიას მიმდინარე წლის მესამე კვარტალიდან დაიწყებენ.

„ახლა ცოტა გაუგებრად ვართ, რადგან არ ვიცით ეკონომიკური გავლენის ეფექტი წავა თუ არა უკრაინიდან სხვა ქვეყნებზე - ვიღაც ყაზახეთს ემუქრება, უზბეკეთიც იქვეა და რუსეთის ქმედებების განსაზღვრა ახლა ცოტა სარისკოა, მაგრამ სტარტაპი ისეთი საქმეა, რომ არ უნდა გაჩერდე. ამიტომ ჩვენ პარალელურად უზბეკეთში ყველაფერი გავმართეთ, თავისი ინტეგრაციით, კომპანიებით და ამ ქვეყანაში ინტეგრაციას PayZe-სთან თანამშრომლობით ვიწყებთ. რაც შეეხება ყაზახეთს, იქ სრულდება რეგისტრაცია და ცოტა ხანში ინტეგრაციასაც დავიწყებთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ დროისთვის PayZe უკვე ყაზახეთშიც აიღებს ლიცენზიას და სამ ქვეყანას ერთ საგადახდო სისტემაში გავაერთიანებთ, ეს ძალიან კარგი მაგალითი იქნება იმის თუ როგორ დებს შედეგს სინერგია და მრავალფეროვნება“, - განმარტა Phubber-ის თანადამფუძნებელმა.

რეგიონში განვითარების გეგმების პარალელურად კი სტარტაპი დღეისთვის უკრაინის პროექტის ეფექტიან შესრულებაზეა ორიენტირებული. „გვინდა მაისში დაანონსებული უკრაინის პროექტი წარმატებული იყოს, რათა ქართული მოთხოვნა და უკრაინული მიწოდება ერთმანეთს შევახვედროთ, ეს ამის პირველი პრეცენდენტი იქნება“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.