მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპი უკრაინაში და პანდემიის დასასრული - როგორი იყო 2022 წელი Phubber-ისთვის?

63ac455f32da4
ვიქტორია მღებრიშვილი
02.01.23 15:20
809
სამოსისა და აქსესუარების გაყიდვების ქართული პლატფორმა Phubber-ის შეფასებით, 2022 წელის სტარტაპისთვის გამოწვევებით სავსე, თუმცა წარმატებული იყო.

სტარტაპის განვითარების შესახებ BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მათთვის წელი ორ ნაწილად იყოფა, რადგან Phubber-მა გასული წლის მიწურულს თავისი აპლიკაცია უკრაინაში ჩაუშვა, 2022 წლის დასაწყისში კი, რუსეთის მიერ უკრაინისადმი გამოცხადებულმა ომმა, სტარტაპის სტრატეგია და გეგმები სრულად შეცვალა.

„Phubber-ისთვის 2022 წელი ორ ნაწილად იყოფა: პირველი ნახევარი ომის დაწყებას და შემდგომ პერიოდს უკავშირდება, როცა მთელი კონცენტრაცია უკრაინაში ჩვენი გუნდის უსაფრთხოებაზე იყო მიმართული, პარალელურად კი, სტრატეგიის ცვლილებაზე მუშაობა გვიწევდა. წელი გამოწვევებით იყო სავსე.

გასული წლის დეკემბერში Phubber-ი უკრაინაში ჩავუშვით და პირველ თვეებში ძალიან კარგი შედეგები გვქონდა, თუმცა ომმა გეგმები სრულად შეგვიცვალა. დღეს უკრაინაში მაინც ვმუშაობთ. უკრაინაში მარტში ჩაშვებული პროექტის ფარგლებში, რაც უკრაინელების მხარდაჭერას ითვალისწინებდა, უკრაინელ დიზაინერებს 70 000 დოლარის გაყიდვები დავუგენერირეთ. ეს მათთვის ომის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, პერიოდულად მომხმარებლის მხრიდან შეკვეთების გააქტიურების ტენდენცია შეიმჩნევა, როგორც უკრაინიდან საქართველოში, ასევე პირიქით, რაც ძალიან გვახარებს. ეს იმის ნიშანია, რომ ომის დასრულებასთან ერთად უკრაინელი მომხმარებლის ბაზა გვექნება. დღევანდელი მდგომარეობით, იქ 4 თანამშრომელი გვყავს, რომელთა რიცხვი მდგომარეობის გააქტიურებასთან ერთად გაიზრდება“, - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

მისი დაკვირვებით, 2022 წელი საქართველოში მომხმარებელთა ქცევის ცვლილებითაც გამოირჩეოდა, რაც პანდემიის დასრულებამ განაპირობა.

„ქართველი მომხმარებლის ქცევა მცირედით შეცვლილია, იქიდან გამომდინარე რომ პანდემია დასრულდა და მაღაზიებიც სტანდარტულ ოპერირებას დაუბრუნდნენ. მაგალითისთვის პანდემიის დროს Phubber-ი გამოიყენებოდა, როგორც მისი ძირითადი დანიშნულებით - საშუალო და მაღალი კლასის ნივთების გადაყიდვისთვის, ასევე ყოველდღიური მოხმარების ნივთების შესაძენად, რადგან სხვა მაღაზიები დაკეტილი იყო. ახლა დაბალფასიან ნივთებზე მომხმარებელი მაღაზიებს დაუბრუნდა, ხოლო ჩვენთან მაღალფასიანი ნივთების ყიდვა-გაყიდვას აგრძელებენ. ეს ჩვენთვის უფრო კარგია, რადგან მაგალითისთვის, საახალწლო პერიოდში ნივთის ღირებულების თანხა გაორმაგებულია, ხოლო ტრანზაქციების ხარჯები თითქმის ძველ ნიშნულზე რჩება, რაც მოგებიანობაზე დადებითად აისახება“, - განმარტავს Phubber-ის თანადამფუძნებელი.

მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპის განვითარება 2022 წელს ისეთი არ იყო, როგორც დაგეგმეს, მისი ხელმძღვანელები ამბობენ, რომ საბოლოო შეფასების გაკეთება საახალწლო პერიოდის დასრულების შემდეგ შეეძლებათ, რადგან აპლიკაციაზე ყიდვა-გაყიდვის დიდი წილი სწორედ წელიწადის ამ პერიოდზე მოდის.

„2022 წელს ისე არ გავზრდილვართ, როგორც დაგეგმილი გვქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ზრდის ძირითადი ნაწილი უკრაინის ბაზრიდან უნდა წამოსულიყო, რაც ომის პირობებში ვერ მოხდებოდა. შესაბამისად, ის ზრდა, რომელიც 2022 წელს გვქონდა დაგეგმილი, 2023 წელს გვექნება; თუმცა საქართველოს ოპერაციებში საკმაოდ კარგი ზრდა გვაქვს, განსაკუთრებით საშუალო და მაღალი კლასის საქონლის ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით. გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი საახალწლო გაყიდვებზე მოდის, ამიტომ იმის თქმა, როგორი ზრდა გვექნება, ჯერ ადრეა“, - უთხრა BM.GE-ს გიორგი ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2022 წელს Phubber-მა დაასრულა მუშაობა სამი ახალი ბაზრის ათვისების მიმართულებით. აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი - სწორედ ამ ქვეყნების ათვისებას გეგმავს სამოსისა და აქსესუარების გაყიდვების ქართული სტარტაპი საქართველოსა და უკრაინის შემდეგ 2023-2024 წლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები