ქართული სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებლის გიორგი ჩუგოშვილის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით ქართული სტარტაპები ევროპის ქვეყნების რადარზე უფრო აქტიურად გამოჩნდნენ. ასე აფასებს ქვეყნისთვის 2023 წლის ბოლოს ევროგაერთიანების კანდიდატის სტატუსის მიღებას ის გადაცემა #რედაქტ2-ში.
მისი განმარტებით, ევროპაში მოქმედ ფონდებს აქვთ თავისი წესები სად და რომელ სტარტაპებში ჩადონ ინვესტიციები, კანდიდატის სტატუსის მიღებით კი ქართული სტარტაპები უფრო დაუახლოვდნენ ევროპულ ფონდებს.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით უფრო აქტიურად გამოვჩნდით ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების რადარზე, უფრო გვიყურებენ და უფრო აღვიქმებით. ხშირად როდესაც საინვესტიციო აპლიკაციას ვავსებდით იყო კითხვა ვიყავით თუ არა ევროპა, ახლა შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ ჯერ კიდევ არ ვართ ევროპა, თუმცა უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან ვიდრე 2 თვის წინ ვიყავით. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან სულ უფრო მეტი ფონდისთვის მისაღები ვხდებით, რადგან მათ აქვთ მანდატი სად ჩადონ და სად არ ჩადონ ინვესტიცია. პირდაპირი მოთხოვნა აქვთ, რომ ეს ევროკავშირის ქვეყანა უნდა იყოს. ახლა უკვე იგრძნობა, რომ უფრო მეტად განიხილები საინვესტიციოდ, ვიდრე აქამდე და ჩვენთვის ეს სასიხარულოა“, - განმარტავს ჩუგოშვილი.