მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალერი ჩეხერია: საქართველოს, სულ მცირე, 300 ელჩი შეემატება

5d8e035ae6718
მარიამ ადამია
27.09.19 20:30
5356
"დღეიდან საქართველოს, სულ მცირე, 300 ელჩი შეემატება მთელი მსოფლიოს მასშტაბით", – ამის შესახებ "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ BMG-სთან „Design Hotels-ის სასტუმროების მფლობელების საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

"ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში სტუმართ-მასპინძლობის სფეროში ქმნიან ტრენდებს და აყალიბებენ არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით ახალ სტანდარტებს, ამჯერად კი ისინი საქართველოს და მხოლოდ ქართულ პროდუქციას გაიცნობენ", - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ და აღნიშნა, რომ ღონისძიების ფარგლებში, ქართველ ფერმერებს პირველად მიეცათ საშუალება, დაამყარონ კომუნიკაცია "დიზაინ სასტუმროების" მფლობელებთან.

"დიზაინ სასტუმროს" მფლობელები, რეალურად გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა უნდათ, რომ შეიტანონ საკუთარ სასტუმროში, ამიტომაც ეს ღონისძიება არის კარგი პლატფორმა ფერმერებისთვის, რომ გააცნონ მათ პროდუქცია და გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე", - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

ღონისძიების ფარგლებში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ეზოში წარმოდგენილი იყო ქართველი ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ საქართველოში წარმოებული პროდუქტი და ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია ენახათ.

"Design Hotels-ის სასტუმროების მფლობელები რამდენიმე დღეს გაატარებენ საქართველოში, თბილისის შემდეგ ყაზბეგს ესტუმრებიან, გაიცნობენ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის ზრდას და შესაბამისად ეკონომიკურ წინსვლას. ეს ყველაფერი კი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ მასშტაბური ღონისძიების საქართველოში ჩატარებას", - განაცხადა "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცნობისთვის: Design Hotels, რომელიც 1993 წელს მხოლოდ 10 ლეგენდარული სასტუმროს პორტფოლიოს ფლობდა, დღეს მსოფლიოში ასობით გამორჩეული დიზაინისა და არქიტექტურის მქონე სასტუმროებს აერთიანებს.