მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Vanilla Sky: არ ვიცით, შიდა ფრენები როდიდან აღდგება...ველოდებით მთავრობის რეაგირებას

5efdc94349aa5
ვიქტორია მღებრიშვილი
05.07.20 16:00
1621
შიდა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, მთავრობაც ჯერჯერობით დუმს - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს ავიაკომპანია „სერვისეირის“, იგივე „Vanilla Sky“-ის დირექტორმა ამირან მანჯავიძემ განუცხადა. 

საქმე ისაა, რომ კომპანიამ Vanilla Sky, რომელიც საქართველოში შიდა ფრენებს სამი მიმართულებით - ბათუმი, ამბროლაური, მესტია - ახორციელებს, 3 ივნისს გაავრცელა განცხადება შიდა ფრენების 15 ივნისიდან აღდგენის შესახებ, თუმცა ფრენები დღემდე არ განახლებულა. 

ამირან მანჯავიძის განმარტებით, კომპანიას გავლილი აქვს შემოწმება და მზად არის მესტიის, ამბროლაურისა და ბათუმის მიმართულების შიდა ფრენების შესრულებისთვის, თუმცა 15 ივნისს შიდა ფრენების აღდგენის პროცესი გაუგებარი მიზეზებით შეჩერდა. 

„ფრენებს ასრულებს კომპანია, თუმცა, გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. უნდა დაგვეწყო შიდა ფრენების განხორციელება, თუმცა ეს პროცესი გაჩერდა. 

კომპანია შიდა ფრენების შესასრულებლად ყველანაირად მზად არის: ჩვენ გავიარეთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შემოწმება და ვაკმაყოფილებთ ყველანაირ მოთხოვნას და მიზეზი იმისთვის რომ ფრენები არ შესრულდეს ჩვენი მხრიდან არ არსებობს. 

ელემენტარულად რომ ვთქვათ: მიკროავტობუსებით საქალაქთაშორისო გადაადგილება აღდგა, მაგალითისთვის თბილისიდან-მესტიაში მგზავრობისთვის 11 საათია საჭირო, პირდაბით და ა.შ. ჩვენ ჩავდივართ 40 წუთში, ზედამხედველი მიჰყვება თვითმფრინავს და იდენტიფიცირებული გვყვავს ყველა მგზავრი - სხვაობა ძალიან დიდია, თუმცა ისინი მუშაობენ და ჩვენ არა“, - განმარტავს კომპანიის დირექტორი.

ამირან მანჯავიძე ამბობს, რომ შიდა ფრენების აღდგენის თხოვნით პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრსაც მიმართა დაა მათგან პასუხს ელის. 

„პრემიერისთვის და ეკონომიკის მინისტრისთვის მიწერილი მაქვს წერილი და ველოდებით რეაგირებას, იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში მოგვეცემა ფრენების განხორციელების საშუალება“, - აცხადებს ის.

Vanilla Sky-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოსახლეობის მხრიდან ფრენებზე მოთხოვნა დიდია.

„მოსახლეობის მხრიდან არის ძალიან დიდი მოთხოვნა და ვერ ავუდივართ ზარებს და ზოგი ვერ ხვდება, რომ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

რაც შეეხება ბილეთის ფასს, ჩვენ გვაქვს ტენდერი მოგებული და ამ ტენდერის პირობებით ბილეთის ფასს მთავრობა ადგენს, შესამაბისად, ღირებულება შენარჩუნებული იქნება“, - უთხრა BM.GE-ს ამირან მანჯავიძემ.