მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაცია არ არის და არ გახდება სავალდებულო... გადაწყვეტილებას არ შევცვლი - პრემიერი

6188f8df64d58
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.21 14:16
761
"ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია არ არის და არ გახდება სავალდებულო... გადაწყვეტილებას არ შევცვლი" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების გაჟღერებისას განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც "მწვანე ბარათების" ამოქმედებას გულისხმობს, ვაქცინაციის სავალდებულოობას არ მოიცავს.

„იმუნიზაციის კამპანია კიდევ უფრო აქტიური გახდება და ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები გაიმართება. მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას; რომ არ იყოს რაიმე სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით.

ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია არ არის და არ გახდება სავალდებულო. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და მას მე არ შევცვლი“, - განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე - რატომ არ გაითვალისწინა პრემიერმა ჯანდაცვის სპეციალისტების გადაწყვეტილება ვაქცინაციის სავალდებულოობის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

„მე როგორც პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური ვალდებული ვარ თითოეული მოქალაქის აზრი გავითვალისწინო. აბსოლუტურ უმრავლესობაში ნებაყოფლობითი ვაქცინაციაა დაწესებული. რაც შეეხება რისკ ჯგუფებს ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავარწმუნოთ ეს ადამიანები და შემთხვევითი არ არის, რომ 60 წელს გადაცილებულებისთვის შემოგვაქვს 200 ლარიანი დანამატი და სხვა ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმი. სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევაა. ყველა ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება, მე როგორც პრემიერ-მინისტრი უზრუნველვყოფ, რომ ყველა ადამიანს არჩევანის თავისუფლება ჰქონდეს“.