მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის დაბალი ტემპი და მთავრობა „მსაჯის პოზიციაში“ - რას ითხოვს ბიზნესი?

6170298b2cfc9
მარიამ ვარადაშვილი
20.10.21 19:00
1060
ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება - ამ დროისთვის, სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 31.9%. ამასობაში კი პანდემიის მეხუთე ტალღაც დაიწყო. „თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი ვერ ავწიეთ, ყოველ ორ თვეში უფრო მძაფრი ტალღები გვექნება“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე. აღსანიშნია ისიც, რომ NCDC-ის დირექტორი, განსხვავებით ხელისუფლებისგან, უკვე რამდენიმე კვირაა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების სავალდებულო ვაქცინაციაზე პირდაპირ საუბრობს, მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობა ამ დრომდე ვერ დაიყოლია. „დარწმუნებული იყავით, "მწვანე პასპორტები" ამოქმედდება“, - უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ დღეს ესეც თქვა NCDC-ის დირექტორმა, მაგრამ იქვე დასძინა - „თარიღს მე არ ვადგენო“.

რას ელის/ითხოვს ბიზნესი მთავრობისგან?

ინფიცირების ზრდადი ტენდენციის და ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო, მთავრობას გაბედული ნაბიჯების გადადგმისკენ უკვე საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაციაც მოუწოდებს. „დღეს საჭირო და აუცილებელია ქმედითი, გაბედული და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდ“, - ნათქვამია 18 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც BAG-მ ქვეყნის ხელისუფლებას, პირდაპირი თუ ირიბი გზით, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლისკენ მოუწოდა.

BAG ერთადერთი არაა, ვინც მთავრობისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვს. რამდენიმე დღის წინ აღმასრულებელ ხელისუფლებას რეგულაციების შემოღებისკენ "გასტრონომიის ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმაც მოუწოდა.

„მოგიწოდებთ, სწრაფად მიიღოთ რეგულაცია ჩვენს სექტორთან დაკავშირებით. საფრანგეთის, იტალიის, ესტონეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი სახეზეა. კვების დაწესებულებებში PCR-ტესტის ან covid-პასპორტის საფუძველზე შეშვება ყველანაირ დისკრიმინაციას გამორიცხავს და ზრდის მომხმარებლის ნდობას, უსაფრთხოების შეგრძნებას და სარესტორნო ბიზნესის სტაბილურობას“, - აცხადებს ლევან ქოქიაშვილი.

გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მოლოდინი აქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, შესაძლოა, შეზღუდვები ისევ შემოიღონ და დახურონ, ამიტომ ის ხელისუფლებას ერთიანი რეგულაციის შემოღებას სთხოვს.

„უნდა იყოს ერთიანი წესი - ადამიანები კვების დაწესებულებებში ან covid-პასპორტის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე უნდა შემოდიოდნენ. მთელმა მსოფლიომ ასეთი გადაწყვეტა მოიფიქრა და ჩვენც ეს უნდა მივიღოთ... უნდა არსებობდეს გეგმა და ვიცოდეთ, პირობითად, ინფიცირების რა მაჩვენებლის შემთხვევაში იკეტება რესტორანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, კვების დაწესებულებებმა იგრძნონ სტაბილურობა“, - აცხადებს ლევან ქოქიაშვილი.

ამავე თემაზე Bm.ge-სთან ინტერვიუში რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე იხსენებს, რომ ე.წ. „მწვანე ზონების“ შექმნის ინიციატივა თავად სახელმწიფოსგან მოდის, მაგრამ მას შემდეგ ნაბიჯი არ გადაიდგა.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ ვაქცინაციის წახალისების მიზნით, რეგულაციების დაწესებას მთავრობა თვითმმართველობის არჩევნების გამო აჭიანურებს.

“ევროპის ქვეყნები ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ. ეს არის „მწვანე ზონის“ შექმნის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც არა მარტო გასართობ თუ სხვა საჯარო სივრცეშია დაუშვებელი აუცრელი ადამიანები, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი შეზღუდულია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც QR კოდი არ გააჩნიათ. ამდენად, თუ გვინდა, მოსახლეობა მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი. ინიციატივა - ე.წ. „მწვანე ზონებთან“ დაკავშირებით თავად სახელმწიფოსგან მოდის, მაგრამ მას შემდეგ ნაბიჯი არ გადაიდგა. ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ჩემი აზრით, არჩევნების საკითხია - მათ არ სურთ გააბრაზონ აუცრელი ადამიანები. მოლოდინი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ დამოკიდებულება შეიცვლება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე რესტორნების დიდი ნაწილი, რომელიც ძირითადად ქორწილებზე ან/და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე მუშაობენ, გაჩერებულია და თუ შესაძლებლობა ექნებათ, ე.წ. „მწვანე ზონის“ სტატუსით იმუშაონ, მაშინ ისინი ოპერირებას შეძლებენ.

“დღეს რაღაც სეგმენტი თუ გაჩერებულია ეს ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი და ბრუნვა არის ნული. თუ ყველაფერს ასე დავთვლით და ამ კუთხით შევხედავთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის ეს მოგებიანი იქნება. ამიტომაც უნდა იყოს სახელმწიფოს ჩართულობა და არა - მსაჯის პოზიციიდან ყურება რა მოხდება“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა, რომ ვაქცინაციის ირიბ იძულებაზე გადის, ამაში დარწმუნებულია ფიტნესცენტრ „ოკტოპუსის“ დამფუძნებელი გიორგი ასათიანი. Bm.ge-სთან მან პირდაპირ თქვა, რომ საჯარო სივრცეებში მხოლოდ აცრილი მოქალაქეების დაშვებას მიესალმება.

„პანდემიის დასრულების სხვა გზა არ არსებობს. ევროპის ქვეყნები თუ აშშ ეტაპობრივად გადავიდნენ ამ მიდგომაზე - ვაქცინირებულ მომხმარებელს იღებენ - იქნება ეს ფიტნესკლუბი, რესტორანი, სასტუმრო და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მივესალმები იმ ინიციატივას, რომ ჩვენთანაც მხოლოდ აცრილი მოქალაქეები დაუშვან. ბუნებრივია, ბიზნესს აქვს უფლება, ეს თავად გადაწყვიტოს, თუმცა ძალიან რთულია ბიზნესმა ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება და საკუთარ სივრცეში ჰქონდეს ასეთი მიდგომა. ვფიქრობ, გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს. მით უფრო მაშინ, როცა დღეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შესუსტებულია. დარწმუნებული ვარ, როცა ვეტყვით მომხმარებელს, რომ რიგ საზოგადოებრივ ადგილებში დაიშვებიან მხოლოდ აცრილი ადამიანები, ეს ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას. თავის მხრივ, ნელ-ნელა დაგვეხმარება იმაშიც, რომ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, - ამბობს გიორგი ასათიანი.

რაც შეეხება სავაჭრო ცენტრების პოზიციას სავალდებულო ვაქცინაციაზე, მაგალითად, „სითი მოლის“ დირექტორი ლევან მესხელი bm.ge-სთან აცხადებს, რომ სავალდებულო აცრას მხარს უჭერს, თუმცა ის საჯარო სექტორში დასაქმებულებით უნდა დაიწყოს.

„თუ რეგულაცია სავაჭრო ცენტრის ყველა თანამშრომლის აცრას გულისხმობს, ამას ადმინისტრირებას გავუწევთ, მაგრამ თუ საუბარია იმაზე, რომ მოლში მოსული მომხმარებელი და დღიურად 30 ათას ვიზიტორზეა საუბარი, გავიგოთ აცრილია თუ - არა, ამის ადმინისტრირება პრაქტიკულად გამორიცხულია; ვერ დავავალდებულებთ და ვერ ვეტყვით მომხმარებელს, რომ მოლში არ შემოხვიდე თუ აცრილი არ ხარ. ამის გაკეთება კატასტროფა იქნება. სანამ იქამდე მივალთ, რომ მომხმარებელსა და ბიზნესს დავაწვეთ და ვუთხრათ - შენ გაუწიე ადმინისტრირება ვინ არის გატესტილი და ვინ - არა, მანამდე, ჩემი აზრით, სახელმწიფომ ამის ადმინისტრირება საჯარო სამსახურში უნდა გააკეთოს“, - ამბობს ლევან მესხელი.

სავალდებულო ვაქცინაცია - მთავრობის/ეპიდემიოლოგების პოზიცია

როდემდე შეინარჩუნებს ხელისუფლება „მსაჯის პოზიციას“, რთული სათქმელია. ფაქტია, ჯერჯერობით, მთავრობა ბიზნესს „თავისუფლებას“ უტოვებს - თავად გადაწყვიტონ ე.წ. 3G პრინციპის დაცვით (სრულად აცრის საბუთი ან ნეგატიური PCR/სწრაფი ტესტის პასუხი ან ბოლო 6 თვის განმავლობაში covid-ის გადატანის დამადასტურებელი ცნობა) მიიღებენ მომხმარებელს თუ - არა.

გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოწოდების კომენტირებისას, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 18 ოქტომბერს bm.ge-ის უთხრა, რომ მთავრობა სავალდებულო ვაქცინაციას, ჯერჯერობით, არ განიხილავს, მაგრამ ბიზნესს უფლება აქვს, საკუთარ ობიექტებზე რეგულაციები შემოიღონ.

“მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მიჰყვება ე.წ. ირიბი იძულების მეთოდების შემოღებას. რესტორნებში, სასტუმროებსა და სავაჭრო მოლებში აუცრელი ადამიანები ვეღარ შედიან, თუმცა ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, 60%-70%-ია და ეს იქ შედარებით უმტკივნეულოდ ხდება. ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა პირადად მე მივესალმები ცალკეული ბიზნესების ინიციატივებს, რომ გახდნენ ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი“, - თქვა ნათია თურნავამ.

დღეს კი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ე.წ. "მწვანე პასპორტების" ფართოდ გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე აღსრულების ნაწილის საფუძვლიანი ანალიზია აუცილებელია, რათა მან საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება არ გამოიწვიოს. ასევე მისი აზრით, „მწვანე პასპორტების“ გაყალბების რისკიც არსებობს, რაც უნდა გამოირიცხოს.

დღესვე თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის გააქტიურების თემაზე ბიზნესთან კონსულტაციების დაწყება დაანონსა. „ჩვენი შეფასებით, ბიზნესგარემოში არსებობს რესურსი, რომ მოტივაციით, მცირედი წახალისებით, კოლეგის და მეგობრის გამოცდილებით, ამ ჯგუფების გარკვეული ნაწილი დამატებითი მარეგულირებელი ბერკეტების გარეშე მოვიცვათ“, - თქვა მინისტრის მოდგილემ და დასძინა, რომ ვაქცინაციის საკითხზე კონსულტაციები ნოემბრის შუა რიცხვებამდე დასრულდება.

სავარაუდოდ, როდიდან შეიძლება საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობა დაიწყოს - ამ თემაზე თავისი პოზიცია 19 ოქტომბერს პაატა იმნაძემ დააფიქსირა. გასაკვირი არაა, რომ NCDC-ის დირექტორი და მისი მოადგილე გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების მომხრენი არიან, მაგრამ იმნაძის თქმით, ამაზე მსჯელობა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყება, როცა აცრილთა მაჩვენებელი სამიზნე ჯგუფის მესამედს კარგად გადასცდება - მოგეხსენებათ, ახლა სრულად აცრილია 31.9%.

„ჩემი პირადი მოსაზრება დიდი ხანია ნათქვამი მაქვს, რომ მომხრე ვარ, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ვაქცინაცია იყოს სავალდებულო, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ასე იქცევა ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი, აშშ-ის შტატები და კიდევ ბევრი ქვეყანა, სადაც გარკვეული კატეგორიის ადამიანებს სავალდებულოდ ცრიან. ასევე მომხრე ვარ, გარკვეულ ადგილებში, არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომა შეზღუდული იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან აცრილები. აქ საუბარია არა იმაზე, ვინ იცრება და ვინ - არა, არამედ იმაზე, ვინ არის საფრთხე საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის, ხოლო ადამიანს, რომელიც თავისი თავისთვის და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, უნდა ჰქონდეს შეზღუდვა, მაგალითად, გასართობ ღონისძიებაზე“, - თქვა პაატა იმნაძემ.

„მწვანე ზონის“ ქართული მაგალითები

„შავი ლომი“, „ნინიას ბაღი” და „კაფე ლეილა” - იმ ერთეული კვების ობიექტების რიცხვში შედიან, ვინც მთავრობის ერთიან გადაწყვეტილებას არ დაელოდა და უკვე რამდენიმე კვირაა, კვების დაწესებულებებში მხოლოდ აცრილ მომხმარებელს იღებს და კიდევ მათ, ვინც სწრაფი ან PCR ტესტის უარყოფით პასუხის ცნობას წარადგენს.

„გადასარევი შედეგი გვაქვს, კლიენტები არ მოგვკლებია. ალბათ “შავ ლომში”, 2 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 30 აუცრელი რუსი ტურისტი მივაბრუნეთ, მეტი არაფერი“, - ამბობს bm.ge-სთან „შავი ლომის“დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე.

მისივე შეფასებით, ეკონომიკის მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა ვაქცინაციის წახალისების მიზნით, შეზღუდვების შემოღებას არ აპირებს, მაგრამ ბიზნესს შეუძლია, რეგულაცია თავის ობიექტში დააწესოს, „პასუხისმგებლობის მოხსნაა“.

"რა თქმა უნდა, ეს არის პასუხისმგებლობის მოხსნა. სახელმწიფო უნდა იღებდეს ამ რეგულაციას და ადამიანების შეგნებასა და კეთილსინდისიერებაზე არ უნდა ვიყოთ დაყრდნობილი, როცა ქვეყანაში ასეთი საგანგებო სიტუაციაა. მაგალითად, ჩემს ბიზნესში ეს სხვამ არ გააკეთა, მხოლოდ ჩემი სამი რესტორანია საქართველოს მასშტაბით, რომელიც ამას აკეთებს. გამოდის, რომ ამაზე ბიზნესი პასუხისმგებლობას არ იღებს, შესაბამისად, გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს,” - აცხადებს მერიკო გუბელაძე.

სავალდებულო ვაქცინაციის პირდაპირი და ირიბი მექანიზმები - საერთაშორისო პრაქტიკა

მამუკელ გორელაშვილი ესტონეთში ქართული რესტორნის - “ტავერნა თბილისის” დამფუძნებელია. როგორც მან BMG-სთან ინტერვიუში თქვა, მხოლოდ აცრილ ან სწრაფი/PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მომხმარებელს ემსახურებიან. აღსანიშნია, რომ ამას არა - საკუთარი ინიციატივით, არამედ სახელმწიფოს დირექტივით აკეთებს. მამუკელ გორელაშვილი გვიყვება, რომ აუცრელი ან/და გაუტესტავი მომხმარებლის მომსახურების შემთხვევაში ჯარიმდება როგორც მიმტანი, ასევე - კვების ობიექტი.

“მოქალაქეებს კონოთეატრებში, რესტორნებში, კაფე-ბარებში, თეატრებში, სამუსიკო და სპორტულ დარბაზებში იმ შემთხვევაში უშვებენ თუ სრულად აცრილები არიან, ხოლო თუ აცრილები არ არიან, მაშინ PCR ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეთ, რომელიც ადგილზევე კეთდება და 3-6 ევრომდე ღირს;

გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსგან მსგავსი განკარგულება მივიღეთ, ვუშვებთ მათ, ვისაც ტესტი ან ვაქცინა აქვს ჩატარებული. ასევე, ვთავაზობთ, ადგილზე გაიკეთონ ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვემსახურებით. ჯარიმა ძალიან დიდია - თუ მიმტანმა შემოუშვა აუცრელი ან გაუტესტავი ადამიანი და მოემსახურა, თავად მიმტანი - 500 ევროთი, ხოლო კვების ობიექტი 13 ათასი ევროთი ჯარიმდება“, - განაცხადა “ტავერნა თბილისის” დამფუძნებელმა მამუკელ გორელაშვილმა და დასძინა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ესტონეთის მთავრობამ, რამდენიმე თვის წინ, ინფიცირებულთა გაზრდილი ოდენობიდან გამომდინარე მიიღო.

საფრანგეთში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულოა. აგვისტოდან კი, მოქალაქეებს სავაჭრო მოლებში შესასვლელად ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ან PCR ტესტის უარყოფით პასუხს სთხოვენ იმ შემთხვევაში თუ სავაჭრო ობიექტი 20 ათას კვ.მ. ფართობზეა. ამასთან, შეზღუდვა მოქმედებს ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც 100 ათას მოსახლეზე კვირაში 200-ზე მაღალი ინფიცირება ფიქსირდება.

ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაცია იტალიაში. უკვე რამდენიმე თვეა იტალიაში „მწვანე საშვები“ მოქმედებს, რაც მოიცავს ინფორმაციას აცრის, ტესტისა და გადატანილი ვირუსის შესახებ. მოქალაქემ შესაბამისი ცნობა ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით უნდა წარადგინოს, რათა კინოთეატრში, რესტორანში, სპორტდაბაზსა თუ სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა შეძლოს.