მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის პრიორიტეტების ნუსხას ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულები დაემატა

60910e231aae6
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.21 13:03
538
პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში, - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

თურნავამ თქვა, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურიზმში მოქმედი ასოციაციების თანამშრომლობით შედგება სექტორში დასაქმებული ადამიანების ნუსხა.

„ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმი რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფომრაზე იმისთვის, რომ მსოფლიომ შეიტყოს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია კოვიდ-უსაფრთხოა. ეს სწრაფი ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი, რადგან ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში დაგვეხმარება. აქედან გამომდინარე სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ასოციაციებთან. ეს არის ტურისტული ასოციაციები - რესტორატორთა ასოციაციები, სასტუმროების ასოციაციები, რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს რესტორნების, სასტუმროების, ტურ-ოპერატორების თანამშრომლების სიები და შემდეგ მოხდება მათი ნებაყოფლობითი, ორგანიზებული ვაქცინაცია, რაშიც ჯანდაცვის სამინისტრო დაგვეხმარება“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორში მოქმედ კომპანიებს, სადაც აცრილი თანამშრომლების რაოდენობა დიდი იქნება, სახელმწიფო საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციაში დაეხმარება და უწყების ფინანსური რესურსის ფარგლებში მარკეტინგულ კამპანიებს დააფინანსებს.

„ის ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა, წესების დაცვით აიცრება, ჩაითვლება კოვიდ-უსაფრთხო სასტუმრებად, რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით მთელ მსოფლიოში მათ პრომოუშენს გავუწევთ. მსოფლიო შეიტყობს რომ ესა თუ ის სასტუმრო კოვიდ-უსაფრთხოა.

ეს ძალიან დაგვეხმარება ტურიზმის აღდგენაში. ყოველდღიურად გვემატება ფრენები და ახლა მთავარია უსაფრთხო მასპინძლობა. უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის სტატუს პრაქტიკაში გავატარებთ“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული პირების ვაქცინაციის დაწყების თარიღს ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ მიმდინარე კვირას უწყებები ლოგისტიკურ საკითხებზე იმუშავებენ, ხოლო დამატებითი ინფორმაცია როდის და როგორ მოხდება ამ დარგში დასაქმებულთა აცრა მოაგვიანებით გააჟღერებენ.