ეკონომიკის სამინისტროში გასულ წელს ტურიზმში არსებული შედეგებით ამაყობენ. ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით 91.9%-ით აღდგა და ჯამში ქვეყანაში 4 669 469 ტურისტული ვიზიტი შესრულდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმსა და ავიაციაში გასული წლის შედეგები დღეს გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა და ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენაზე ITB ბერლინი 2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ტურიზმის ინდუსტრიაში გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ხაზგასასმელია საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB ბერლინი 2023, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარდგა მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის ორასი ათასამდე ვიზიტორის წინაშე. ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე, რომელშიც 80-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა, საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე იყო განთავსებული. ვფიქრობ, ძალიან ღირსეულად წარმოვადგინეთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, კულტურა, გასტრონომია და ამან შეგვიწყო ხელი, რომ თითქმის მილიარდიან აუდიტორიას ერთობლივად გავაცანით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობები. ITB Berlin-მა ხელი შეუწყო კერძო სექტორის დამატებითი კავშირების გაძლიერებას, რასაც საბოლოო ჯამში შედეგის სახით გაზრდილი ტურისტული ნაკადების კუთხით ვხედავთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ღონისძიებაზე, თუმცა იმაზე რა წვლილი შეიტანა ITB Berlin-ის მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ამგვარად წარდგენამ არ დაუკონკრეტებია.
რადგან ქვეყნისთვის ტურიზმში ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება გერმანიის დედაქალაქში გაიმართა, BM.GE დაინტერესდა - როგორ აღდგა კონკრეტულად გერმანიიდან გასულ წელს ტურისტული ვიზიტები? ამაზე დაკვირვების საშუალებას კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა გვაძლევს.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ 2023 წელს TOP-15 ქვეყნის რეიტინგში, საიდანაც ქვეყანაში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ პოლონეთი და გერმანია მოხვდნენ. გასული წლის განმავლობაში გერმანიიდან საქართველოში 68 824 ვიზიტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი 2022 წლისას 41.8%-ით აღემატება, თუმცა პანდემიამდე არსებული ვიზიტების რიცხვს 22.7%-ით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წელთან შედარებით გერმანიიდან ტურიზმი 77.3%-ით აღდგა.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ გერმანიიდან ტურიზმი ყველაზე აქტიური მესამე კვარტალში, ანუ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იყო, სწორედ ამ პერიოდზე მოდის ვიზიტების 42.5%. კვარტალურ ჭრილში გერმანიიდან შესრულებული ვიზიტები ასე ნაწილდება:
I კვარტალი - 7 429 ვიზიტი;
II კვარტალი - 17 591 ვიზიტი;
III კვარტალი - 29 312 ვიზიტი;
IV კვარტალი - 14 492 ვიზიტი.
სტატისტიკიდან ისიც ჩანს, რომ 2023 წელს გერმანიიდან შესრულებული ვიზიტების რაოდენობა 2018 წლის მაჩვენებელს (64 486 ვიზიტი) მცირედით აღემატება. 2019 წელს კი ისევე როგორც სხვა ქვეყნების შემთხვევაში ევროპის ამ ქვეყნიდან ჯამში რეკორდული 89 051 ვიზიტი შესრულდა.
ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებიდან, 2023 წელს 422 227 ვიზიტი შესრულდა, რაც პანდემიამდელ პერიოდს 12.9%-ით ჩამორჩება, 2022 წლის მაჩვენებელს კი 54.7%-ით აღემატება.