მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარლამ გოლეთიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენ რუსთაველის გამზირს გადავკეტავთ

60abb243f28e6
თელარა გელანტია
24.05.21 18:00
2194
„ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა დაანონსეს.

„დავიძრათ მეგობრებო და დავკეტოთ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია“,  - ამ სიტყვებით მიმართა აქციის მონაწილეებს „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა.

მან თანამოქალაქეებს გვერდში დგომისკენ მოუწოდა.

„მეტი ერთობა გჭირდება. გთხოვთ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით დედაქალქის მოსახლეობას, რომ დავდგეთ ერთად ნამდვილი თავისუფლების მოსაპოვებლად. გთხოვთ, ყველანი ჩავებათ ამ ბრძოლაში. გავაგრძელოთ ბრძოლა; რადგან ჩვენ სცენა რესპუბლიკის მოედანზე გვაქვს და იქ არის ჩვენი კარვები, ბუნებრივია, იმ ადგილს ვერ დავტოვებთ, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედნისკენ; დღეს ჩვენ მიერ რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება და არ გაიხსნება. ამავდროულად ახლოს ვიქნებით იმ ძირითადად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი. იქ ყველაფერი იქამდე გადაიკეტება, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და 26 მაისს, დარწმუნებული ვართ, თუ იქამდე არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები, მთელი დედაქალაქი  ჩვენს გვერდით დადგება... ესაა მთელი ქვეყნის პრობლემა და ესაა თითოეული ჩვენგანის ბრძოლა“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის: საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.

2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.

3. გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხსიმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ ჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია უკვე მეორე დღეა თბილისში გრძელდება. მათ ძირითად მოთხოვნებს, უშუალოდ აქციაზე კიდევ დაემატა რამდენიმე მოთხოვნა -  მორატორიუმის გამოცხადება მთელ ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე და ახალი ენერგოპოლიტიკის შემუშავება საზოგადოების ჩართულობით და ასევე, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ყველა იმ პირზე, ვინც ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ხელს აწერს.