26.მარტი .2021 10:55

ვაშლიჯვრის მეწყრის შესაჩერებლად მერია მშენებლობასა და კვლევებზე 7 მლნ ლარს დახარჯავს

ვაშლიჯვრის მეწყრის შესაჩერებლად მერია მშენებლობასა და კვლევებზე 7 მლნ ლარს დახარჯავს
views 1240
უკან

დედაქალაქის მერია ვაშლიჯვრის მეწყრის შესაჩერებლად გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი მონაცემების თანახმად, სამუშაოებზე სულ 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან 500 ათასი ლარი კვლევებზე, 6.5 მილიონი ლარი კი სამშენებლო სამუშაოებზე დაიხარჯება.

გამარტივებული შესყიდვის განაცხადში არ არის დეტალურად აღწერილი, უშუალოდ რა სახის საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ადგილზე. 

"2021 წლის 1 მარტს ვაშლიჯვარი-ლისის (მაჭავარიანის ქუჩა) საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სამხრეთ აღმოსავლეთის ორიენტაციის მქონე ადგილობრივი წყალგამყოფის სუსტად ჩაზნექილი ზედაპირის მქონე ლოკალურ, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველი მეწყრული სხეულის არეალში განვითარდა ბლოკურ-ცოცვითი ტიპის მეორადი გენერაციის მეწყერი. მეწყერის სტაბილიზაციის მიზნით აუცილებელია ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.

2021 წლის 1 მარტს უეცრად განვითარდა მეწყერული პროცესი, რაც პროგრესირებადია და მისულია კრიტიკულ ზღვრამდე. პირველადი შეფასებით, მეწყრული მოვლენების ჩასახვა-გააქტიურება, გამოწვეული უნდა იყოს ბუნებრივ და ტექნოგენურ მიზეზ-ფაქტორთა ერთობლივი ზემოქმედებით,"- ნათქვამია გამარტივებული შესყიდვის განაცხადში. 

პროექტის განხორციელების ხანგრძლივობად თბილისის მერიას 150 დღე აქვს მითითებული.